ფეხბურთი

19:29 | 10.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "არ ინერვიულოთ, როგორც კვარა ვიპოვეთ, ასე ვიპოვით სხვებსაც!"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიასთან კლუბის ახალი მაისურების პრეზენტაციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მან კრისტიანო ჯუნტოლის გუნდიდან გაშვებაზეც გააკეთა კომენტარი და პირობა დადო, რომ ხვიჩა კვარაცხელია როგორც იპოვეს, ისე იპოვიან მომავალში მაღალი დონის ფეხბურთელებს.

„ოსიმენი ამ მაისურს ჩაიცვამს? რა თქმა უნდა კი! მერე, თუ მოვა ისეთი შეთავაზება, რაზეც უარის თქმა რთულია, საკითხს მოვაგვარებთ. ჩვენ შევძლებთ და როგორც აღმოვაჩინეთ კვარაცხელია, ოსიმენი და სხვები, კიდევ უფრო მეტს აღმოვაჩენთ, არ ინერვიულოთ.

ჯუნტოლიმ თქვა, რომ იუვენტინოა? გარკვეულ განცხადებებს არ ველოდი. რომ მცოდნოდა, რომ იუვენტინოა, შესაძლოა, გუნდიდან უფრო ადრეც გამეშვა. ახლა, როგორც იქნა, ჩვენს კლანში ყველა არაიუვენტინოა!

ვფიქრობ, რომ რუდი გარსია ჩვენთვის შესაფერისი მწვრთნელი და სწორი არჩევანია. მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება. მე მთლიანად მის განკარგულებაში ვარ, თუმცა ბიუჯეტის პატივისცემით. ახლა იმის თქმა, რომ სკუდეტოს კვლავ მოვიგებთ, ზედაპირულია, რადგან უნდა დაველოდოთ რა მოხდება სატრანსფერო ბაზარზე. ცხადია, გვინდა, ტიტული შევინარჩუნოთ და ევროპაშიც კონკურენტუნარიანი ვიყოთ, მაგრამ არსებობს სიტყვა მაგრამ და მეზღვაურის დაპირებებს არ ვიძლევი“, - აღნიშნა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მომდევნო სეზონის პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.

0.128031