ფეხბურთი

12:18 | 10.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილი: "კვერნაძე კვარაცხელიასგან განსხვავდება, ვურჩევ, რომ არ დაკმაყოფილდეს და იშრომოს"

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა, რომელიც ამჟამად მამუკა ჯუღელთან ერთად ტრანსფერებზე მუშაობს და გიორგი კვერნაძის ერთ-ერთი აგენტია, „ფროზინონეში“ ქართველი შემტევის გადაბარგებაზე ისაუბრა.

მან Tuttofrosinone-ს განუცხადა, რომ კვერნაძე მშვიდი ბიჭია და შეუძლია „ფროზინონეში“ წარმატებას მიაღწიოს. რევიშვილის თქმით, გიორგიმ ბევრი უნდა იმუშაოს და საკუთარი თავით კმაყოფილი არ უნდა იყოს.

„ყველაფერი გაზაფხულისკენ დაიწყო, მაშინვე მივხვდით, რომ „ფროზინონეს“ ინტერესი ნამდვილად სერიოზული იყო. ტრანსფერის შუამავლის, დარიო პაოლილოს როლი მართლაც ფუნდამენტური იყო. როცა დაგვიკავშირდა, მივხვდით, რამდენად ძლიერი იყო მისი ინტერესი გიორგის მიმართ. მასთან მუშაობა სასიამოვნო იყო. მერე კი, მამუკამ საქმე შესანიშნავად დაასრულა და ბიჭი სერია A-ში მიიყვანა. ანჯელოცისთან შეხვედრამ ძალიან გამახარა, ის ფანტასტიკური ადამიანია, გარდა იმისა, რომ ნამდვილი პროფესიონალია.

გიორგი არის ფეხბურთელი, რომელიც ბურთთან ერთად ძალიან სწრაფია, ეს ერთ-ერთი მისი ძლიერი მხარეა. შეუძლია რიცხობრივი უპირატესობის შექმნა დრიბლინგების მეშვეობით, ბურთის ფლობით. გარდა ამისა, შეუძლია შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს.

გიორგის ბევრი ადარებს ხვიჩას, მაგრამ ჩემი აზრით, განსხვავებული ფეხბურთელები არიან. უფრო მეტიც, კვერნაძეს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. გიორგი მშვიდი ბიჭია და ნებისმიერ სიტუაციაში ოპტიმისტია. პირველად რომ ვნახე, 17 წლის იყო და გაოცებული ვიყავი მისი თამაშით. ვუსურვებ, რომ „ფროზინონესთან“ ერთად დიდ შედეგებს მიაღწიოს. ვურჩევდი, რომ იშრომოს და არასოდეს დაკმაყოფილდეს მიღწეულით“, - თქვა რევიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ ფოთის „კოლხეთიდან“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. იტალიური კლუბი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

0.114471