ფეხბურთი

13:22 | 10.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას საუდის არაბეთში 100 მილიონს სთავაზობენ, მან კლუბის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა შეიძლება საუდის არაბეთში გადავიდეს. იტალიური მედია წერს, რომ მას „ალ-იტიჰადი“ იწვევს.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ფრანგ ფეხბურთელს საუდელები 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, ხელფასის სახით კი ხსენებულ სამ სეზონში 100 მილიონ ევროს. პოლმა უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ „ალ-იტიჰადმა“ უკვე დაიმატა კარიმ ბენზემა და ნგოლო კანტე, ასე რომ, შეიძლება მესამე ფრანგი მოთამაშეც გაიფორმოს. ნიშანდობლივია, რომ პოგბა გასულ შაბათ-კვირას ჯედაში იმყოფებოდა, სადაც „ალ-იტიჰადის“ სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მიუხედავად ამისა, პოგბას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, უცნობია ისიც, რა ფასში შეელევა მას „იუვე“, რადგან მხარეებს შორის კონტრაქტი კიდევ 3 წელია ძალაში.

პოლ პოგბა ბოლო დროს ტურინში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა. ფრანგი „იუვენტუსს“ უფასოდ ერთი წლის წინ დაუბრუნდა, მაგრამ თითქმის მთელი სეზონი ლაზარეთში გაატარა.

0.117845