კილიან მბაპესა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის დიდი განხეთქილებაა და როგორც ჩანს, ფრანგი ვარსკვლავის პარიზიდან წასვლა გარდაუვალია.
მბაპემ ერთ-ერთ ინტერვიუში კრიტიკული განცხადებები გააკეთა, რამაც მისი თანაგუნდელებიც გააბრაზა. კილიანმა განაცხადა: „მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ზოგადად, ყოველთვის გამარჯვება მსურს, მაგრამ ამაში პსჟ-ში თამაში ხელს არ მიწყობს. კლუბი გაყოფილია და გუნდიც გაყოფილია“.
მბაპეს ამ სიტყვებს პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი გამოეხმაურა:
„თუ ასე ფიქრობს ჩვენზე, რატომ არ მიდის? ეს არის პატივისცემის ნაკლებობა პსჟ-ს, როგორც კლუბის, სამწვრთნელო შტაბისა და მისი თანაგუნდელების მიმართ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ RMC Sport-თან.
აღსანიშნავია, რომ მბაპე უარს ამბობს კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2024 წელს იწურება, ხოლო პსჟ-ს ხელმძღვანელობას ასეთ შემთხვევაში მისი გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სურს.