რაგბი

12:55 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელო’ კვლავ ჩემპიონია - „ოქროს დუბლი“ და მომავლის იმედი

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის ჩემპიონის ტიტული ‘ლელომ’ წარმატებით დაიცვა. პაატა მაისურაძისა და ზურაბ ხორბალაძის შეგირდებმა უმცროს ჭაბუკთა პირველობაზე მიჯრით მეოთხედ იპირველეს და 2014 წლიდან მოყოლებული ტიტული მეექვსედ მოიპოვეს. ‘ლელომ’ სეზონის მანძილზე მხოლოდ 1 შეხვედრა დათმო, რეგულარული სეზონი დამაჯერებლად მოიგო და თან მეორე ფინალისტი ‘ხვამლი’ ორივე შეხვედრაში უშანსოდ დატოვა (30:8 და 31:11).

ფინალური შეხვედრა გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს და მატჩის დებიუტში უპირატესად წინასწარ შემუშავებული ტაქტიკური სქემების მიხედვით მოქმედებდნენ. მე-7 წუთზე ‘ხვამლის’ ფულბეკმა გიგა ყიფშიძემ რთული პოზიციიდან გატანილი ჯარიმით მუხიანელები დააწინაურა. მე-10 წუთიდან მოყოლებული კი უპირატესობას ‘ლელო’ დაეუფლა და მას ტაიმის მიწურულამდე მეთოდურად აღრმავებდა.

‘ლელოს’ მგეზავმა გიგი სირბილაძემ 13 წუთიან მონაკვეთში მიჯრით 3 ჯარიმა გაიტანა და საკუთარი გუნდი 6 ქულით დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი დიდ დიღმელთა კარგად შეკრული მოლი ლელოთი კვაჭმა დავით არჩვაძემ დააგვირგვინა. სირბილაძემ ზუსტი გარდასახვით ‘ლელოს’ უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა – 16:3.

მეორე ტაიმი ‘ხვამლის’ იერიშებით დაიწყო. მუხიანელებმა ბრძოლის მაქსიმალური ჟინის ხარჯზე სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და ლელოს გატანის რეალური შანსი 2-ჯერ მოიპოვეს, თუმცა ორივე კრიტიკულ მომენტში ‘ლელომ’ აგრესიული, ეფექტური ბოჭვებით თავი კარგად დაიცვა და თან მეტოქეს გადამწყვეტ მომენტებში შეცდომებიც დააშვებინა. მთლიანობაში ‘ლელო’ ხშირი, აგრესიული ბოჭვებითა და მძლავრი ბიძგებით მუხიანელებს უკან ახევინებდა, რაქს კარგად ასუფთავებდა და რამდენჯერმე მეტოქის დერეფანიც მოიგო. მეორე ტაიმმა სამატჩო ქულების გარეშე ჩაიარა. ‘ლელომ’ – 16:3 იმარჯვა და ტიტულიც დამაჯერებლად დაიცვა.

ჩემპიონი სეზონის მანძილზე თამაშის ხარისხს მეთოდურად აუმჯობესებდა და მწვრთნელთა ზუსტი გათვლების წყალობით სპორტული ფორმის პიკს პირველობის გადამწყვეტ ეტაპზე მიაღწია. ‘ლელომ’ სეზონი „ოქროს დუბლით“ დაასრულა. დიდ დიღმელები ჩემპიონები ჭაბუკთა ორივე ასაკში გახდნენ.

‘ლელო’, ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთა მთავარ არტერიას წარმოადგენს. ბოლო წლების მანძილზე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ევროსარბიელზე მოპოვებულ ტიტულებში ლომის წილი სწორედ დიდ დიღმელ ჭაბუკ მორაგბეებს მიუძღვით. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ზეწარმატებულ გამოსვლაშიც ‘ლელოს’ სარაგბო აკადემიის აღზრდილთა ხვედრითი წილი და დამსახურება საკმაოდ დიდია. ‘ლელოს’ ხელნმძღვანელობის მთავარ ამოცანას ბორჯღალოსნებისთვის სოლიდური შევსების მიწოდება წარმოადგენს, რაც ბათუ კევლიშვილის თაოსნობით დიდ დიღმელებს მეტად წარმატებულად გამოსდით.

დაჯილდოვების ცერემონიალის წინ, მონაწილე გუნდებს ‘ლელოს’ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ბათუ კევლიშვილმა მიმართა. ქართული რაგბის ბერმუხამ გუნდებს თამაში და გარჯა მოუწონა და სამომავლო წარმატებები უსურვა. ბათუ კევლიშვილთან ერთად, ფინალისტები შესაბამისი მედლებით ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის კურატორმა მალხაზ კოროშინაძემ და ბორჯღალოსანმა ბექა საღინაძემ დააჯილდოვეს.

‘ხვამლმა’ პოდიუმს ბოლო 6 წლის მანძილზე მეოთხედ უწია. გამოჩენილი ბორჯღალოსანის რატი ურუშაძის თავკაცობით მუხიანელებმა გასული სეზონის შედეგი გააუმჯობესეს და ბრინჯაოს მედლები ვიცე-ჩემპიონობაზე გადაცვალეს.

„არმიელთა“ ფურორი

‘არმია’, საჩემპიონო 2013 წლის შემდეგ პოდიუმზე მეორედ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ კარგა ხნის მანძილზე ელიტაში დარჩენაზე მებრძოლმა „არმიელებმა“ „ოქროს“ პლეი ოფში თამაშის უფლება ბოლო მომენტში მოიპოვეს, რომლის პირველ ეტაპზე გამოცდილი სპეციალისტის გია ჯავახიშვილის თავკაცობით ურთულესი „ქამბექით“, ფავორიტ ‘ბათუმს’ გადამწყვეტი შეხვედრა აჭარის დედაქალაქში მოუგეს, ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებელ დაპირისპირებაში კი ქუთაისის ‘აიას’ ასევე სტუმრად, „აია არენაზე“ აჯობეს.

‘აია’-‘არმიას’ მატჩის პირველი ნახევარი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. „არმიელთა“ ფულბეკმა რაულ ჩორგოლაშვილმა რიონისპირელეთა ხაზი ეფექტურად გაჭრა და თავისივე გატანილი ლელოც ზუსტად გარდასახა. რიგი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები რომ არა, „არმიელთა“ ანგარიშში უპირატესობა პირველ ტაიმში გაცილებით სოლიდური იქნებოდა – 7:0.

მეორე ნახევარში ‘აია’ გააქტიურდა. კარგად გათამაშებული ოვალი მასპინძელთა მარბიელმა ლუკა ნარსიამ ლელოდ აქცია, რასაც რიონისპირელთა კაპიტან თეიმურაზ ძოძუაშვილის წყვილი გატანილი ჯარიმა მოჰყვა – 11:7. ‘აია’ ანგარიშში უპირატესობას მატჩის მიწურულამდე ინარჩუნებდა, თუმცა სტუმართა გააფთრებული შეტევებისგან თავის დაცვა სრულად ვერ მოახერხა. მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე, „არმიელთა“ მორიგი მიძალება კვაჭმა ბუკა კუმელაშვილმა ძალისმიერი ლელოთი დააბოლოვა. ‘არმიამ’ დრამატულ ბრძოლაში 12:11 იმარჯვა და უმცროს ჭაბუკთა პირველობაზე მედლებს ისტორიაში მეორედ დაეუფლა.

RUGBY.GE

0.129112