რაგბი

22:18 | 7.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა მეოთხედფინალშია, 7-კაცა ფრეს დასჯერდა

საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის მეორე, ბუდაპეშტის (უნგრეთი) ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგო, ფინეთს მხოლოდ გარდასახვით ჩამორჩა და 1/4-ფინალში მეორე ადგილით გავიდა.

ტურნირი მძიმედ დავიწყეთ. აუტსაიდერად მიჩნეული დანია ლელოთი დაწინაურდა, რაზეც მანონი საღარაძემ იქვე უპასუხა და ტაიმი 5:5 დასრულდა. მეორე ტაიმის შუაში გოგონებმა ბურთი კარგად გაათამაშეს, შედეგად ირმა გულიაშვილმა სუფთად გაჭრა ხაზი და ლელო ძელებსშუა გაიტანა, მაგრამ გარდასახვა ძელს მოხვდა. მალე მანონი საღარაძემ დუბლი გაიფორმა და პირველი შეხვედრა 15:5 დასრულდა.

მოლდოვასთან მანონი საღარაძემ პირველი ლელო შეხვედრის დებიუტშივე გაიტანა. საქართველო უპირატესობას ფლობდა, თუმცა შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში საქართველოს უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, მარიამ გოგუაძემ მარცხენა ფრთაზე მცველს ორჯერ შემოურბინა და ჩვენმა გოგონებმა 15:0 იმარჯვეს.

ჯგუფურ ეტაპზე მთავარ კონკურენტ ფინეთთან, ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა საწყისი 5 წუთი კარგად ჩაატარეს, ნათია გავაშელიშვილმა ჭრაზე თეონა ჩიტაიშვილი შეიყვანა და მე-2 წუთზე დავწინაურდით. ორიოდე წუთში, არეული თამაშის შემდეგ სალომე საღარაძე მცველებს გაექცა და 10:0 დაგვაწინაურა. ტაიმის მიწურულს ირმა გულიაშვილმა ბოლომდე იბრძოლა და ლელოსგან გვიხსნა, თუმცა გაწითლებულ დროზე 5 ქულა მაინც გავუშვით. მეორე ტაიმის შუაში ფინეთმა მეორე ლელოც გაიტანა და გარდასახვით დაწინაურდა. შეხვედრის დასკვნითი წუთები საქართველომ შეტევებში გაატარა, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა და მეტოქეს 1 გარდასახვით ჩამორჩა – 10:12.

შედეგად, საქართველომ გ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და თასის 1/4-ფინალში ბ ჯგუფის მეორეადგილოსან ლატვიას საქართველოს დროით 14:21 საათზე შეხვდება.

ხელიდან გაშვებული მოგება

ჰამბურგში (გერმანია) რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. საქართველო რუმინეთს შეხვდა. დაძაბული პირველი ტაიმის მიწურულს, კონტრშეტევისას გაგა ქევხიშვილი მცველს ერთი-ერთზე გაექცა და ლელო გაიტანა, სერგი ჩხაიძემ კი გარდასახა, თუმცა მეტოქემ გაწითლებულ დროზე შეძლო წონასწორობის აღდგენა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სოსო მათიაშვილმა ჩვენს 22-ში ზურგსუკან გაკეთებული შესანიშნავი პასით ხაზი გიორგი ჭუაძეს გააჭრევინა, შეტევას თავად მიყვა და ლელოთი დაასრულა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა. ამას კიდევ ერთი საუცხოო შეტევა მოყვა და ოფლოუდების სერია გიორგი ჯობავას ლელოთი დასრულდა, ჩხაიძემ კი გარდასახა.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ნაადრევად მოეშვა, რამაც რუმინეთს ორი საპასუხო ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა, ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და მატჩი ფრედ 19:19 დასრულდა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალიამ იტალიას 33:21 სძლია.

ხვალ 7-კაცა იტალიას 13:56 საათზე, პორტუგალიას კი 17:34 საათზე ეთამაშება.

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე (ბუდაპეშტში):

თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), ნინო წიკლაური (თბილისი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე (ჰამბურგი):

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ბექა გელხვიძე (ლელო), ირაკლი სიმსივე (აია), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი ფრუიძე (ბათუმი), რომან მახათაძე (ყოჩები), გიორგი ჯობავა (ხვამლი), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), გიორგი კურტანიძე (ლელო).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

RUGBY.GE

0.130652