იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ მომდევნო სეზონისთვის მზადებას იწყებს. გუნდი 14 ივლისიდან დიმაროში მოემზადება, მაგრამ არასრული შემადგენლობით.
იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელები, რომლებმაც ივნისში ეროვნულ ნაკრებებში ითამაშეს, დასვენების დღეებს მიიღებენ და გუნდს არა 14 ივლისს, არამედ ოდნავ მოგვიანებით შეუერთდებიან. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისინი რამდენიმე დღეს კიდევ დაისვენებენ. ამ სიაშია ხვიაჩა კვარაცხელიაც, რომელმაც ივნისში კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა.
კვარაცხელიას გარდა, შეკრებას ოდნავ მოგვიანებით დაიწყებენ ვიქტორ ოსიმენი, ელიფ ელმასი, ამირ რაჰმანი, პიოტრ ჟელინსკი, ლეო ოსტიგორი, სტანისლავ ლობოტკა, ჯაკომო რასპადორი და ჯოვანი სიმეონე.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.