საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ გიორგი პაპუნაშვილი, ევგენი პროტასოვი და ჯეფერსონ ჯერალდო დაიმატა. კახური კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
პაპუნაშვილი ბოლოს „სამტრედიაში“ თამაშობდა, მანამდე კი კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო,, ასევე იყო ბრემენის „ვერდერის“ მეორე გუნდში, „სარაგოსაში“, „რასინგში“, „აპოლონში“, „ტორპედოსა“ და „რადნიჩკიში“. საქართველოს ნაკრებში მას 10 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
უკრაინელმა ნახევარმცველმა პროტასოვმა ბოლო ორი სეზონი ლიეტუვაში, იქაურ "სუდუვაში" გაატარა და შარშან მასთან ერთად ლიეტუვის სუპერთასი მოიგო. "ოლექსანდრიას" აღზრდილს სამშობლოში ლუცკის "ვოლინში" და ხარკოვის "მეტალისტში" უთამაშია.
ჯეფერსონ ჯერალდო, იგივე ჯეფინიო, ბოლოს წყალტუბოს "სამგურალში" თამაშობდა, ხოლო მანამდე ქობულეთის "შუქურას" ღირსებას იცავდა. ბრაზილიელი ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერია.