ფეხბურთი

21:16 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "მბაპეს თუ დარჩენა უნდა, კონტრაქტი გააფორმოს, უფასოდ ვერ დავკარგავთ"

კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს ან კლუბს მიმდინარე ზაფხულს დატოვებს. ამის შესახებ განცხადება პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გააკეთა.

როგორც მან თქვა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს უფასოდ ვერ დაკარგავენ: „ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია, არ მინდა ყოველ ჯერზე გავიმეორო: კილიანს თუ დარჩენა უნდა, ჩვენც იგივე გვინდა, მაგრამ ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს. არ შეგვიძლია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უფასოდ დავკარგოთ, ეს ცხადია.

მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მომდევნო კვირაში, მაქსიმუმ ორ კვირაში. თუ არ უნდა კონტრაქტის გაფორმება, კარი ღიაა. შოკირებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ მას თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა სურდა. ეს ეხება ყველას, არავინ არის კლუბზე დიდი“, - აღნიშნა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, კილიან მბაპეს კონტრაქტი პსჟ-სთან 2024 წელს ეწურება, რომლის განახლებაზე მან უარი თქვა, მაგრამ ისიც განაცხადა, რომ მომდევნო სეზონს ისევ პსჟ-ში გაატარებს. თავის მხრივ, პარიზელთა გეგმები ფრანგ შემტევთან დაკავშირებით როგორც ჩანს სხვაგვარია. მბაპეს ყველაზე აქტიურად კვლავინდებურად მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.

კილიან მბაპემ კარიერა „მონაკოში“ დაიწყო, „პარი სენ ჟერმენში“ კი 2017 წლიდან თამაშობს. 24 წლის ფეხბურთელმა ამ პერიოდში 260 მატჩში 212 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

0.118609