საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა ისევ ტრავმირებულია და 2-3 თვე ვერ ითამაშებს. „კოპენჰაგენის“ ფეხბურთელს დღეს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა.
ხოჭოლავას მეორე მუხლზე ოპერაცია რამდენიმე თვის წინ გაუკეთეს, რომლისგანაც განიკურნა, მაგრამ იგივე პრობლემა მეორე მუხლზეც ჰქონდა, რის გამოც კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა.
„დავითი ძალიან კარგად გამოჯანმრთელდა მუხლზე ჩატარებული ოპერაციიდან, მაგრამ მსგავსი პრობლემები მეორე მუხლზეც ჰქონდა. ამიტომ ავირჩიეთ ოპერაცია, ვიდრე მოგვიანებით უფრო სერიოზული ტრავმის რისკის ქვეშ ვყოფილიყავით. ოპერაციამ გეგმის მიხედვით ჩაიარა და ახლა ის სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს“, - თქვა დანიური კლუბის ექიმმა მორტენ ბოსენმა.
ქართველი მცველის ტრავმაზე კომენტარი „კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნეესტრუპმაც გააკეთა: „რა თქმა უნდა, დავითისთვის და ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ახალი ოპერაცია დასჭირდა. ვიცით, რომ ის ძლიერი პიროვნებაა და ძლიერი დაბრუნდება, მაგრამ ახლა ცხადია, მისთვის მძიმე პერიოდია“.
როგორც „კოპენჰაგენის“ ვებგვერდი წერს, ქართველ ფეხბურთელს ახალი ტრავმის გამო 8-12 კვირა გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრის სანაკრებო მატჩებში ის საქართველოს ნაკრებს დიდი ალბათობით ვერ დაეხმარება.