ფეხბურთი

20:10 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონემ" გიორგი კვერნაძე სტადიონზე ოფიციალურად წარადგინა

ქართველი თავდამსხმელი გიორგი კვერნაძე „ფროზინონემ“ ოფოციალურად წარადგინა.

20 წლის ფეხბურთელის პრეზენტაცია „სტადიო ბენიტო სტირპეზე“ გაიმართა, სადაც მასთან ერთად მისი აგენტი, ვეტერანი ქართველი მეკარე, ნუკრი რევიშვილი იყო.

„ჩვენი ახალი ლომი - გიორგი კვერნაძე“, - წერს იტალიური კლუბი სოციალურ ქსელში. გიორგი „ლურჯ-ყვითლებს“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.

გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, შარშან „თელავში“ თამაშობდა, ხოლო იანვრიდან „დინამო ბათუმში“ იყო, სადაც მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, მისი სატრანსფერო უფლებები კი ფოთის "კოლხეთს" ეკუთვნის. გიორგის მიმართ „ფროზინონე“ ინტერესს რამდენიმე თვის განმავლობაში იჩენდა. ასე რომ, მომდევნო სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, იტალიის სერია A-ში კვერნაძეც ითამაშებს, ხოლო მისი კლუბის მიზანი ცხადია, ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

„ფროზინონე“ მომდევნო სეზონს სერია A-ში გაატარებს, ისტორიაში მესამედ 2015-2016 და 2018-2019 წლების სეზონების შემდეგ. გუნდს გასულ სეზონში მსოფლიოს ჩემპიონი ფაბიო გროსო ავარჯიშებდა, მაგრამ მან თანამდებობა დატოვა და ეუსებიო დი ფრანჩესკომ შეცვალა.

აქვე ვთქვათ, რომ იტალიის სერია A-ში აქამდე ოთხ ქართველ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები: კახა კალაძეს "მილანსა" და "ჯენოაში", ლევან მჭედლიძეს "პალერმოსა" და "ემპოლიში", ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" და ლუკა ლოჩოშვილს "კრემონეზეში".

0.11088