რაგბი

13:37 | 2.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნეტავ ახლა თქვენს ადგილზე მამყოფა“ - ნიკა ამაშუკელი 11 წლის წინანდელ გამარჯვებას იხსენებს

საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, რომელიც საქართველოს, 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე წარადგენს, 11 წლის წინ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს იხსენებს.

2012 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა გუნდმა პირველად მოახერხა იტალიის დამარცხება. იმ გუნდის ნაწილი იყო ნიკა ამაშუკელი, რომელმაც მომრავლებული ტრავმების ფონზე, მოთამაშის კარიერა ნაადრევად დაასრულა, თუმცა რაგბი ვერ დატოვა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია.

28 წლის რეფერი სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს ეხმაურება, რომელშიც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართეს (23:33), არგენტინა 20:0 დაამარცხეს, 4 ივლისს (13 საათზე) კი იტალიას ერკინებიან და გამარჯვების შემთხვევაში ტურნირში სარეკორდო ადგილს დაიკავებენ.

„ვულოცავ ჩვენს 20-წლამდელებს არგენტინასთან მოპოვებულ გამარჯვებას. მე ეს სენსაციად არ მიმაჩნია. ჯერ კიდევ თბილისში, ინგლისთან გამართულ მოსამზადებელი თამაშებისას გამოჩნდა, რომ ასეთი ამბები მწიფდებოდა. ვულოცავ მთელ სამწვრთნელო შტაბს ასეთ მაღალი დონის თამაშს. მაყურებელი შეიძლება ვერ ამჩნევდეს, თუმცა უამრავი დეტალი უმაღლეს დონეზეა დამუშავებული და შედეგებიც შესაბამისია. ახლა ამ ბიჭებს ელით ძალიან ძლიერ იტალიასთან უმნიშვნელოვანესი თამაში – პრინციპული, ხასიათიანი, ემოციური… ეს იქნება ორი კარგი, გამართული გუნდის ღირსეული ჯახი“ – ამბობს ამაშუკელი და იმ სულ პირველ გამარჯვებას იხსენებს, რომლის მონაწილე და ერთ-ერთი შემოქმედი თავადაც იყო:

„იმ პერიოდში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში გარკვეული ექსპერიმენტები ტარდებოდა და ჩვენც მოგვეცა ექვსი ერის გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა. მანამდე ინგლისთან სასტიკად დავმარცხდით. ჩვენი მწვრთნელი ილო მაისურაძე იყო. ყველამ იცის მას როგორი მებრძოლი ხასიათი აქვს და მისი ხასიათი ვიზუალშიც აისახება, გარეგნულადაც ჭეშმარიტი მორაგბეა. იტალიასთან თამაშის წინ გასახდელში წრეზე ვიდექით და ილოს ველოდებოდით. ეს დეტალები არასდროს დამავიწყდება. გვეგონა, რომ შემოვიდოდა და გრძელი სიტყვით გაგვამხნევებდა. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიყავით ფავორიტები. მაისურაძე წრეში შემოვიდა, ანთებული თვალებით ყველას შემოგვხედა და გვითხრა – „ყველაფერს გეფიცებით ბიჭებო, ნეტავ ახლა თქვენ ადგილას მამყოფა“ – და წრიდან გავიდა“.

„ამ ადამიანში იგრძნობოდა ვნება და სულისკვეთება. ამ მოკლე სიტყვამ ისე იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე, ყველას საოცარმა ჟრუანტელმა დაგვიარა. მის თვალებში იკითხებოდა – ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ ახლა მოედანზე გამიყვანა. ამ გამოხედვით და მოკლე სიტყვათ გვაგრძნობინა, რომ მოედანზე რაღაც ძალიან დიდისთვის გავდიოდით. გვქონდა უშეღავათო ბრძოლა, მსაჯმა ზედიზედ სამი მოთამაშე გაგვიყვითლა, მოედანზე 12-ნი დავრჩით, ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ისეთი ანთებულები ვიყავით, ვგრძნობდით ამ თამაშს არ წავაგებდით“.

„ბოლოსწინა წუთზე, როდესაც მცირე სხვაობით ვაგებდით, მე გავჭერი ხაზი (ამ მომენტში საქართველო 13 კაცით თამაშობდა) და გამარჯვების ლელო გიორგი ფრუიძემ გაიტანა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემი, როგორც მოთამაშის კარიერაში. ყველას უცხო და უცნაური სიხარული დაგვეუფლა. მაშინ სოციალური ქსელები არ იყო, ვერც ფართო მასებმა გაიგო ჩვენი გამარჯვების შესახებ. მოგვიანებით კომენტარები ფორუმზე წავიკითხეთ და მივხვდით როგორ გავაბედნიერეთ გულშემატკივარი. ფორუმიდანვე გავიგეთ, რომ მოთამაშეების მშობლები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, დაიგეგმნენ, ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად აღნიშნეს ჩვენი გამარჯვება“.

„ვერ ვიტყვი და ვერ დავიტრაბახებ, რომ ის შედეგები რაც ახლა ყველა დონეზე გვაქვს ჩვენ დავიწყეთ ამ გამარჯვებით. ეს დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, თაობებს თავი ქონდათ გადადებული ამისთვის და ჩვენც ამის ნაწილი ვიყავით. ეს იყო პირველი მოსავალი იმ ინვესტიციის და სტრუქტურის, რომელსაც ქართული რაგბი ახორციელებს. ახლა კი იქამდე მივედით, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჩვეულებრივი ტიერ1-ის გუნდია, რომელიც ტოლსწორად ეთამაშება და ჯობნის სხვა ტიერ1-ის გუნდებს. მათი თამაში დასტურია იმისა, რომ წლების განმავლობაში განხორციელებულმა ინვესტიციამ, ქართულ რაგბს მდგრადი განვითარება მოუტანა“.

„ჩვენ არ ვიყავით ისეთი გუნდი, როგორიც დღევანდელი 20-წლამდელთა ნაკრებია. ამ ბიჭებს გათავისებული აქვთ სისტემა და არიან უმაღლესი დონის შემსრულებლები და იტალიის ძალიან კარგ გუნდთან უშეღავათო ბრძოლა იქნება, ისეთი, როგორც შარშან ჩვენს ბორჯღალოსნებს იტალიასთან ბათუმში ჰქონდათ. მომავალი თამაშის შედეგი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში ესაა ზეიმი. ჩვენ ვნახეთ რა შეუძლია რაგბის, როგორ შეუძლია გააბედნიეროს და აზეიმოს მთელი ქვეყანა და ეს თამაშიც უნდა მივიღოთ როგორც ზეიმი. ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს, თუმცა ამ ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრების ყურება არის სიამოვნება. სამხრეთ აფრიკას ვერ მოვუგეთ, მაგრამ ყველას გვსიამოვნებდა ჩვენი გუნდის ყურება“.

„ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სამწვრთნელო შტაბს. მათ ძალიან ბევრი აქვთ ნამუშევარი დეტალებზე და ყველა მოთამაშე მზადაა ნებისმიერი სიტუაციისთვის. საოცრად მუშაობს ვიდეო-ანალიზი. მაყურებელი მხოლოდ იმ სიტუაციებს აკვირდება, სადაც ბურთია, თუმცა კადრს მიღმა სრულდება უდიდესი შავი სამუშაო. ყველა მოთამაშემ შეტევასა თუ დაცვაში ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს, რომელ წერტილში დაარტყას. პირველ რიგში მადლობა ბიჭებს, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს სამწვრთნელო შტაბი. საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი არიან ისეთი მწვრთნელები, რომლებსაც კარგად ესმით უმაღლესი დონის რაგბი, რაც ხდის გუნდის თამაშს სასიამოვნოდ საყურებელს. ლადო კილასონიამ, თორნიკე ბუბუტეიშვილმა, ზურაბ ამონაშვილმა, ფიზმომზადებისა თუ სამედიცინო ჯგუფის თითოეულმა წევრმა, უდიდესი შრომა გაწიეს ჩვენთვის ასეთი სიხარული რომ მოენიჭებინათ და ეს ყველა მათგანს უნდა დავუფასოთ“.

„ამიტომ, 4 ივლისს მოვემზადოთ ზეიმისთვს და რა თქმა უნდა გამარჯვება ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს ამ ძალიან პრინციპულ მატჩში!“.

RUGBY.GE

0.111059