საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ისრაელის ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თავი მაღლა უნდა ასწიონ და მომავალზე იფიქრონ.
ზურიკომ თქვა, რომ ძალიან დაღლილი იყო და პენალტების სერია რომ არა, მეორე ტაიმში შეცვლას მოითხოვდა.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს ასეთი საოცარი გარემოსთვის. დღეს მითუმეტეს მარცხის მერე, როცა მთელი სტადიონი ტაშს გვიკრავდა, ეს საოცარი გრძნობა იყო. რთულ ჯგუფში ვიყავით, სადაც ბევრი ძალა დავკარგეთ ამ ჯგუფიდან გასასვლელად. ალბათ, დღეს ოდნავ ძალა არ გვეყო, პირადად მე, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემს თავში ძალა მეპოვა და ეს ყველაფერი გადამელახა. ძალიან გამიჭირდა, ერთადერთი, თამაშიდან იმის გამო არ გავდიოდი, რომ ვიცოდი, რომ პენალტებში გუნდს დავჭირდებოდი და მინდოდა, გუნდს რამით მაინც დავხმარებოდი, თორემ მეორე ტაიმის ბოლოსკენ შეიძლებოდა ცვლილებაც მომეთხოვა ისეთი დაღლილი ვიყავი. მინდოდა, რომ გულშემატკივარი გაგვეხარებინა, გავსულიყავით ნახევარფინალსა და ოლიმპიადაზე. მაგრამ ოლიმპიადის პატარა შანსი კიდევ გვაქვს, ველოდებით ხვალინდელ მატჩებს და იმედია, რომ პატარა შანსი დაგვრჩება.
რა თქმა უნდა, ისტორია დაიწერა, ამით ძალიან მოხარულები ვართ და ეს მუხტი ეროვნულ ნაკრებზეც გადავა. ეს ბიჭები, ვისაც ჯერ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშიათ, თავიანთ შანსს ელოდებიან და ჩვენც, ყველაფერს ვაკეთებთ, ამ მუხტს ეროვნულ ნაკრებში გადავიტანთ. იმედია, რომ ეროვნულ ნაკრებში მივაღწევთ წარმატებას და ევროპის ჩემპიონატზე გავალთ.
გუნდში ყოველთვის კარგი ატმოსფერო იყო, ერთმანეთს გვერდში ვედექით. დღეს რთული იყო, მაგრამ ბიჭებს მოვუწოდებდი, რომ თავი მაღლა აეწიათ, რადგან მართლაც პატარა ბიძგი მოვახდინეთ საქართველოში. არ ვიცი, ასეთ მარცხს ვიმსახურებდით თუ არა, მაგრამ ბიჭებს ვეტყვი, რომ თავი მაღლა ასწიონ. მწვრთნელმა გვითხრა, რომ ჩვენი თავით უნდა ვიამაყოთ და გასახდელში ყველას ცრემლები წამოგვივიდა“, - თქვა დავითაშვილმა.
ზურიკომ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ემოციური პოსტიც გამოაქვეყნა:
„ქართველი ხალხის ერთიანობა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩვენს გარშემო იყო, ნამდვილად სამაგალითოა და დღის ასეთი დასასრული არაა ის, რაც თქვენ დაიმსახურეთ. საფინალო სასტვენი, ხალხის იდენტური რაოდენობა ტრიბუნებზე და საოცარი მხარდაჭერა მუდამ დარჩება ჩემს გონებაში. მადლობა არის ძალიან სუსტი სიტყვა, რაც გულშემატკივრებისადმი ჩემს და გუნდის მადლიერებას გამოხატავს... ახლა კი საჭიროა თავი ავწიოთ და წინ ვიყუროთ. იქ, სადაც მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ“, - დაწერა ზურიკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირიდან გამოთიშვის მიუხედავად, ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, თუ საფრანგეთი და ინგლისი ნახევარფინალში გავლენ, სვანაძის გუნდმა ბრძოლა შეიძლება გააგრძელოს.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატი წაგების გარეშე დაასრულა, პორტუგალიას მოუგო, ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ისრაელთან ფრე ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიით ასპარეზობა დაასრულა.