„არსენალის“ თავდამსხმელი, კაი ჰავერცი, ახალ კლუბში ყველა თანაგუნდელზე მეტს გამოიმუშავებს - წელიწადში დაახლოებით 19,5 მილიონ ევროს - გვამცნობს Bild.
შესაძლო ბონუსების გათვალისწინებით, გერმანელის წლიურმა შემოსავალმა შესაძლოა 23 მილიონ ევროსაც კი მიაღწიოს. ფეხბურთელის კონტრაქტი „არსენალთან“ 2028 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.
ჰავერცი „არსენალს“ „ჩელსიდან“ ოთხშაბათს, 28 ივნისს შეუერთდა. გერმანელის „მეთოფეების“ ბანაკში გადასვლამდე „არსენალში" ყველაზე მეტს ნახევარმცველ თომას პარტეს უხდიდნენ (წელიწადში 12 მილიონი ევრო).
2022/2023 წლების სეზონში ჰავერცმა „ჩელსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა. „არისტოკრატებთან" ერთად 24 წლის თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.