ფეხბურთი

21:21 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“თეთრი არწივები” სამი ქულისთვის ჩამოფრინდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს “დინამო არენაზე” ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრას ჩაატარებს. “ჯვაროსანთა” მეტოქე პოლონეთის ნაკრები იქნება, რომელიც გრანდთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთნება, თუმცა ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა, რაც ადამ ნავალკას გუნდმა გერმანიასთან მოგებულ (2:0) შეხვედრაშიც დაამტკიცა.

ამ მომენტისთვის, პოლონეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 44-ე პოზიციას იკავებს, ხოლო საქართველო 117-ე ადგილზე იმყოფება. “თეთრი არწივების” რიგებში რამდენიმე ტოპკლასის ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც წამყვან ევროპულ კლუბებში ირიცხებიან, როდესაც საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ასპარეზობს ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში - ლევან მჭედლიძე იტალიური “ემპოლის” ღირსებას იცავს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი კლუბია კალჩოში და ლევანი ძირითად წევრად მაინც არ ითვლება...
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ შემადგენლობის მხრივ ხვალინდელ მეტოქესთან ახლოსაც ვერ მივალთ. სანაკრებო დონეს რომ შევეშვათ, პოლონეთის ჩემპიონატის დონემ ძალიან აიწია და ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კლუბი არ ჰყავთ, მხოლოდ “ლეგიას” დისკვალიფიკაციას უნდა მივაწეროთ. პოლონურ ფეხბურთში აშკარად შეინიშნება აღორძინება და რაც მთავარია, “არწივებს” საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოსდით: პიოტრ ზიელკინსკი (21 წლის), ლუკაშ ტეოდორჩიკი (23 წლის), არკადიუშ მილიკი (21 წლის), მიჩელ ზირო (22 წლის), კეროლ ლინეტი (19 წლის), რაფაელ იანიჩკი (22 წლის) და კიდევ არაერთი ნიჭიერი მოთამაშე ჰყავთ ნაკრებში.
ნავალკას კრებულში ისეთი ფეხბურთელები ასპარეზობენ როგორებიც არიან: ვოიცეხ შესნი, ლუკაშ პიშჩეკი, გრეგორი კრიჩოვიაკი, არკადიუშ მილიკი და რობერტ ლევანდოვსკი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, იაკუბ ბლაშიკოვსკი კვლავ ტრავმირებულია.
სტუმართა დამრიგებელი ადამ ნავალკა შეხვედრას იმედიანად ელის. მისი თქმით, გამარჯვება იოლი არ იქნება, თუმცა მისაღები შედეგი მხოლოდ 3 ქულა იქნება.
მოკლედ, რა დონის მეტოქესთან გვიწევს თამაში ადვილი მისახვედრია, თუმცა ვეცდები ჩვენს მკითხველს კიდევ უფრო კარგად გავაცნო ჩვენი ხვალინდელი მეტოქე და შეძლებისდაგვარად ნავალკას კრებულზე უკეთესი წარმოდგენა შეგიქმნათ.

მეკარე

პოლონელთა მთავარი მწვრთნელის, ადამ ნავალკას განკარგულებაში სამი მაღალი დონის მეკარეა. ვოიცეხ შესნის გარდა, “არწივებს” ისეთი კიპერები ჰყავთ, როგორებიც არტურ ბორუცი და ლუკაშ ფაბიანსკი არიან. გარდა ამისა, გამოძახებული არაა “ელჩეს” კარის დარაჯი, ჟემისლავ ტიტონი, რომელიც ასევე მშვენიერი მეკარეა. ამდენი მაღალი დონის მეკარე, ბევრ პოლონეთზე უკეთეს გუნდსაც არ ჰყავს.
ძირითადი კიპერის საკითხი დიდი ხანია გადაწყვეტილია, ჩვენთან შეხვედრაშიც პოლონეთის ნაკრების კარს“არსენალის” კიპერი ვოიცეხ შესნი დაიცავს.

დაცვა

პოლონელთა დაცვის ცენტრს ბოლო ორ შეხვედრაში შუკალა-გლიკის დუეტი ამაგრებდა. ლუკაშ შუკალა ბუქარესტის “სტიაუას” 30 წლის ფეხბურთელია, რომელსაც ნაკრებში 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ერთი გოლი აქვს გატანილი. მისი მეწყვიტე კამილ გლიკი 26 წლისაა და იტალიური “ტორინოს” ღირსებას იცავს. 27 შეხვედრა და 2 გოლი - ასეთია მისი სანაკრებო შედეგები. სავარაუდოდ, საქართველოსთანაც ადამ ნავალკა არჩევანს ამ ფეხბურთელებზე შეაჩერებს, ხოლო ტიაგო ციონეკი და დებიუტანტი რაფელ იანიჩკი თადარიგში იქნებიან. მარჯვნივ ლუკაშ პიშჩეკია უკონკურენტო, ხოლო მარცხენა ფლანგს არტურ იედრჟეიკი გაამაგრებს, რომელიც “კრასნოდარში” ირიცხება და ნაკრებში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ნახევარდაცვა


გერმანიასთან მოგებულ ისტორიულ შეხვედრაში, პოლონელთა ნახევარდაცვის ცენტრში ტომაშ იოდლოვიეცი და გრეგორი კრიჩოვიაკი ირჯებოდნენ, რომელთაც ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარეს, რაც ანგარიშზეც აისახა. შოტლანდიასთან შეხვედრაში იოდლოვიეცი კშიშტოფ მაჩუნსკიმ შეცვალა, რომელიც ჩინურ “გუიჯოუში” ირიცხება. ცვლილება იყო მარცხენა ფლანგზეც, გერმანელებთან ძირითადში მაცეი რიბუსი თამაშობდა, ხოლო “სქოთებთან” სასტარტოში ვალდემარ სობოტა მოხვდა, რომელიც გამოძახებულთა შორის არ ფიგურირებს.
სავარაუდოდ, ნავალკა ნახევარდაცვის ცენტრში ისევ კრიჩოვიაკი-იოდლოვიეცის დუეტს ენდობა, მარცხნივ რიბუსი ითამაშებს, ხოლო მარჯვნივ “რენის” ნახევარმცველი, კამირ გროსიცკი.
პოლონეთის ნახევარდაცვაზე საუბრისას, არ შეიძლება ცოტა ვრცლად არ ვისაუბროთ გრეგორი კრიჩოვკიაკზე, რომელიც ზაფხულში ფრანგული “რეიმსიდან” ესპანურ “სევილიაში” გადავიდა. 24 წლის ნახევარმცველი ძალიან კარგად მოერგო ანდალუსიურ კლუბს და შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მოახერხა. მიმდინარე სეზონში მან “დალაქების” რიგებში 16 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლის გატანა შეძლო.

თავდასხმა


ადამ ნავალკას წინა ხაზში ტოპკლასის მოთამაშის ყოლით დაკვეხნა შეუძლია. დიახ, პოლონელთა კაპიტანი რობერტ ლევანდოვსკი ბევრი აზრით, დღეს 5 საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა, რასაც რთულია არ დაეთანხმო. ბოლო წლებში ლევანდოვსკიმ დიდ პროგრესს მიაღწია “დორტმუნდთან” ერთად. მან ძირითადიდან უშანსოდ ამოაგდო ლუკას ბარიოსი, რომელიც მის მოსვლამდე შესანიშნავად გამოიყურებოდა, კლოპის კლუბთან ერთად მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სულ ცოტა დააკლდა ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფამდე (ლევანდოვსკი თავის მომავალ კლუბთან დამარცხდა). ზაფხულში ლევანდოვსკი მიუნხენის “ბაიერნს” შეუერთდა და ახალი მწვერვალების დაპყრობა აქვს დაგეგმილი. პოლონელი მშვენივრად მოერგო მიუნხენურ გრანდს და დღითიდღე უკეთესი ხდება. მოკლედ, რობერტზე საუბარი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ “ჯვაროსნებს” მთავარი საფრთხე სწორედ მისგან ელით და მასთან თამაში უდიდეს ყურადღებას მოითხოვს. პატარა შეცდომაც შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, როდესაც მისი დონის ფორვარდს ეთამაშები.
ლევანდოვსკის გარდა, პოლონელთა რიგებში სამი ფორვარდია, რომელთაგან “აიაქსის” ფორვარდი არკადიუშ მილიკი გამოირჩევა და დიდი ალბათობით ნავალკა ნაკრების კაპიტანს 20 წლის ფორვარდს შეუწყვილებს. მილიკი ამსტერდამელთა რიგებში შესანიშნავად თამაშობს, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს: 12 შეხვედრაში 13 გოლი.
ადამ ნავალკას განკარგულებაში არიან ლუკაშ ტეოდორჩიკი (“დინამო კიევი”) და მიჩელ კუჩარჟიკი (“ლეგია”), რომლებიც სავარაუდოდ თადარიგში დაიწყებენ შეხვედრას.

0.122357