ისრაელის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოსთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც მან თქვა, გამარჯვება დაიმსახურეს და პირველივე ტაიმში შეეძლოთ 2-3 გოლის გატანა:
„ვფიქრობ, რომ თამაშის დასრულება საწყის 25-30 წუთში შეიძლებოდა, რადგან უამრავი მომენტი გვქონდა, შეიძლებოდა 2-3 გოლი გაგვეტანა. მეორე ტაიმში თამაში შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უფრო აგრესიული გახდა და ჩვენგან საჭირო იყო მეტი სითამამის და გამძლეობის ჩვენება. მთლიანობაში, მიმაჩნია, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ.
ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი, ამიტომ პენალტების სერიის დროს განსაკუთრებულად არ ვნერვიულობდი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ძლიერი სათამაშო კომპონენტია და პენალტებში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ეს მოვახერხეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით კიდეც“, - თქვა ლუზონმა.
პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა ისრაელის ნაკრების მეკარემ დანიელ პერეცმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უდიდესი მოტივაცია და თავდაჯერება მიიღეს:
„პენალტებში მოგება საოცარი განცდაა. ძალიან ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ჩვენ მეოცნებეები ვართ და ახლა უფრო მეტის მიღწევა გვსურს. უდიდესი მოტივაცია და რწმენა მივიღეთ ძლიერი გუნდის დამარცხებით 50 000 გულშემატკივრის წინაშე, რომლებიც მათ მხარს უჭერდნენ. ამიტომაც, ძალიან თავდაჯერებულები ვართ და ყველაფერი შეგვიძლია. ჩვენი მწვრთნელი გვეუბნება, რომ ყველაფერი შესაძლებელია, გვჯერა, რომ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პორტუგალია დაამარცხა, შემდეგ ბელგიასა და ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.