საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
„ახლა საუბარი ძალიან მიმძიმს, არ მინდა, რომ თამაშის დეტალებში შევიდე. სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთის ნაწილია. ვფიქრობ, რომ ის ბიჭები, რომლებიც ახლა გასახდელში თვალცრემლიანი არიან, უფრო მეტს იმსახურებდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბიჭები არიან ქართული ფეხბურთის მომავალი, მენტალურად სრულიად განსხვავებული თაობაა, მათი პროფესიონალიზმი იმედს მიტოვებს და თქვენც უნდა გქონდეთ მათი იმედი. მადლობა გადავუხადე ამ პერიოდისთვის, ამ დღეებისთვის, ამ ტურნირზე მონაწილეობა იყო დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ზეიმი და დიდი გამოწვევა. მადლობა ღმერთს, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი.
ოლიმპიადაზე მოსახვედრად შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, დაველოდებით ხვალინდელ თამაშებს, ამიტომ შეკრებაზე ვრჩებით. იმედი მაქვს, რომ ამ ოცნების ასახდენად კიდევ ერთი შანსი მოგვეცემა. ჯგუფურ ეტაპზე ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ დღეს პრობლემა იყო შეტევის დასკვნითი ფაზა, უფრო მეტი სითამამე უნდა გამოგვეჩინა. ეს იმითაა განპირობებული, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს 10 დღეში 5 მატჩის ჩატარება მოუწია, პირველ რიგში ფიზიკურად იყვნენ დაღლილები. მადლობა მათ ამ თავგანწირვისთვის, მადლობა ჩემს სტაფს და ფედერაციას, ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით. ეს მხოლოდ საწყისია, ამ თაობის იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ.
წიტაიშვილი ჩვენთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია, მას ძალიან მაღალი ხარისხი აქვს. მაგრამ ის პრობლემა იყო პირველივე ტურიდან, რომ არ არის სათანადო ფიზიკურ კონდიციაში, რადგან კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ის მალე იპოვის ისეთ კლუბს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. მისი მოედნიდან ნებისმიერი გაყვანა ფიზიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
გეთანხმებით, კარგი შედეგი ვაჩვენეთ მთლიანობაში, მაგრამ როდესაც ოცნებასთან ასე ერთ ნაბიჯში ხარ, არსებობს გულისწყვეტა. ყველაზე მთავარი, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, არის ის, რომ რწმენა გააჩინეს. ვეთამაშებოდით ძალიან ძლიერ გუნდებს, რომლებსაც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ გულშემატკივარში გავაჩინეთ რწმენა და ეს რწმენა არის იმის საფუძველი, რომ მომავალი ძალიან წარმატებული იქნება.
პენალტებზე გუშინ ვივარჯიშეთ, მაგრამ მერწმუნეთ, ერთია ვარჯიშზე პენალტის დარტყმა და მეორე - თამაშზე. ეს ხუთეული გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ფეხბურთია, ხდება. გელაშვილს ცხვირი გაუტყდა, სისხლდენა აქვს და საავადმყოფოში გადაიყვანენ, შემდეგ გვეცოდინება უფრო მეტი მის მდგომარეობაზე.
ოლიმპიადაზე გასვლის შანსი სანამ გვაქვს, გუნდი რჩება შეკრებაზე, ხვალინდელ შედეგებს ველოდებით, ბოლომდე მობილიზებული ვართ. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, რომლებიც სტადიონზე მოდიოდნენ და მთლიანად საქართველოს, ვინც ვერ ახერხებდა სტადიონზე მოსვლას. ეს დღეები საკუთარ თავზე წარმოუდგენელი ემოცია გამოვცადეთ. ძალიან ბევრი ადამიანი გავახარეთ და მომავალშიც ვეცდებით, რომ გავახაროთ“, - თქვა სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პორტუგალია დაამარცხა, შემდეგ ბელგიასა და ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.