ლონდონის „ჩელსის“ მცველი სესარ ასპილიკუეტა ახლოსაა სამშობლოში დაბრუნებასთან. Sky Sport-ის ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელი მადრიდის „ატლეტიკოში“ გადადის.
ასპილიკუეტას „ჩელსისთან“ კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ მხარეები თანამშრომლობის გაწყვეტაზე მუშაობენ, შემდეგ კი ის დიეგო სიმეონეს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ ესპანელს აქამდე ყველაზე აქტიურად მილანის „ინტერს“ უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიურ გუნდს „როხიბლანკომ“ აჯობა, რომელთანაც წესით კონტრაქტი მომდევნო დღეებში უნდა გააფორმოს.
სესარ ასპილიკუეტა 2012 წლიდან „ჩელსიში“ თამაშობს, რომლის რიგებში ჩატარებულ 508 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მარსელის“ წევრი იყო, ხოლო ესპანეთში მხოლოდ „ოსასუნაში“ აქვს ნათამაშები, სადაც 2006-2010 წლებში ირჯებოდა.