ფეხბურთი

13:28 | 30.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "უნდა შევინარჩუნოთ ის ერთიანობა და გუნდურობა, რაც აქამდე გამოგვარჩევდა"
"დიდი ხანია ჩვენი ფეხბურთის გარშემო ასეთი ერთიანობა არ მინახავს"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეოთხედფინალში შემთხვევით ვერავინ გადის, ამიტომ რთულ თამაშს ელოდება, მაგრამ აქვთ მიზნები, რომლის შესრულებაც სურთ და ეცდებიან, რომ წყვილში ფავორიტის სტატუსი გაამართლონ.

„რასაკვირველია რთულ თამაშს ველოდებით. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალია, ამიტომ სხვაგვარად წარმოუდგენელია. ისრაელის ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ, განსაკუთრებით ასაკობრივ ნაკრებებში ბოლო დროს წარმატებები აქვთ, მაგრამ გვაქვს მიზანი, რომელიც იქნება, რომ ჩვენი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ. რაც მთავარია, უნდა შევინარჩუნოთ ის ერთიანობა და გუნდურობა, რაც ჯგუფურ ეტაპზე გამოგვარჩევდა.

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შემთხვევით ვერავინ მოხვდება, ამიტომ ჩვენი მეტოქე პატივისცემას იმსახურებს. გამოსარჩევია მათი გუნდურობა, დაიმსახურეს მეოთხედფინალში თამაში, ისევე როგორც ჩვენ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ისრაელთან გორში ამხანაგური თამაში სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ ახლა სრულიად განსხვავებული თამაში იქნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალი, სადაც შეცდომის უფლება არავის აქვს. ამიტომ, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ფეხბურთელების ინდივიდუალურ მომზადებაზე, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ. ისრაელი ბრძოლისუნარიანი გუნდია, მაგრამ გვაქვს კოზირები და ვეცდებით, ისინი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთით მეტი დღე, რომელიც დასვენებისთვის გვქონდა, რადგან უკვე ნიდერლანდებთან ორივე ტაიმში იგრძნობოდა დაღლილობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ გრაფიკში თამაშს ჩვენი უმეტესობა ფეხბურთელი შეჩვეული არ არის, გარდა ამისა, სეზონის ბოლოა, მაგრამ მაქსიმალურად გამოვიყენეთ ის პერიოდი, რაც დასასვენებლად გვქონდა და მზად ვართ, რომ მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ.

რა თქმა უნდა, განწყობა დადებითია, სხვანაირად არ შეიძლება იყოს იმ თამაშების შემდეგ, რომლებიც ჩავატარეთ ჯგუფში. ცხადია, ეს განწყობაზე ყოველთვის აისახება. ტაქტიკური ცვლილებები ნებისმიერ თამაშშია და ახლაც იქნება, რადგან ყოველთვის ორიენტირებული ვართ მეტოქეზე, თუ ვის ვეთამაშებით. ვეცდებით, რომ მათი სუსტი წერტილები გამოვიყენოთ. ხშირად მეორე ნომრად თამაში გვიწევს, მაგრამ სტატისტიკას რომ ჩავხედოთ მატჩების, ასე არ არის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს დადებითი დღეები, რის გამოც ყველანი ბედნიერები ვართ, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ყველა მატჩში გვიწევს იმის დამტკიცება, რომ ღირსეული გუნდი ვართ და აქ ყოფნას ვიმსახურებთ. ახლა საქართველო ერთიანია და ეს არის ჩემს კარიერაში ყველაზე ბედნიერი მომენტი, არა მარტო იმიტომ, რომ მეოთხედფინალში ვართ, არამედ იმიტომ, რომ დიდი ხანია ჩვენი ფეხბურთის გარშემო ასეთი ერთიანობა არ მინახავს.

მეორე მხრივ, ეს ფეხბურთია, არსებობს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ეს არის შევინარჩუნოთ გუნდურობა და ერთიანობა. რაც ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, მგონი პირველად ვართ ფავორიტები და ამიტომ ვალდებულები ვართ, რომ ეს სტატუსი გავამართლოთ.

პენალტები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. მოვიტყუები რომ ვთქვა, რომ დიდი ყურადღება დავუთმეთ, მაგრამ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. ისრაელს შეტევაში და დაცვაში ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები, მაგრამ რაც მთლიანობაში აღსანიშნავია, ეს არის ამ გუნდის სულისკვეთება და ერთიანობა, ამიტომ ისინი პატივისცემას იმსახურებენ.

ბევრი ყვითელი ბარათი გვაქვს? გასათვალისწინებელია, თუ როგორ ეპიზოდებში მივიღეთ ეს ბარათები, 99% იყო სათამაშო მომენტებიდან გამომდინარე და გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა დონის გუნდებს ვეთამაშებოდით, ამიტომ ხშირად გვიწევდა დაჯარიმება. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ყვითელი ბარათიც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, თუ რა თქმა უნდა, სათამაშო მომენტიდან გამომდინარეობს.

შემადგენლობას ხვალ ყველანი ერთად გაიგებთ. შემადგენლობას ვარჩევთ მეტოქიდან გამომდინარე, ასევე ვითვალისწინებთ, როგორ მდგომარეობაში არიან მოთამაშეები, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს თავისი კონკრეტული როლი და ბედნიერი ვარ, რომ თითოეულს გათავისებული აქვს, რომ მთავარი არის საქართველოს ნაკრების წარმატება.

ძალიან გვახარებს, რომ ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში დადებითი დინამიკაა. ზოგადად, მენტალურად ახლა სხვა დონეზე ვართ, ევროპის ჩემპიონატზე განვლილი გზაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია. დარწმუნებული ვარ, ეს დადებითი დინამიკა გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ იმ სწორი მუშაობით, რომელსაც ვატარებთ, მივაღწევთ საწადელს მიზანს და დიდ ტურნირზე გავალთ, ვგულისხმობ ეროვნულ ნაკრებს. კვარაცხელია, მიქაუტაძე ახსენეთ და გეთანხმებით, ჩვენს გუნდშიც ბევრი კარგი ფეხბურთელია, რომლებსაც მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ და მომავალში მხოლოდ პოზიტივს ველოდებით.

ვიცი, რომ ჩვენი მეოთხედფინალში გასვლა ბევრისთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთვისაც, რადგან ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ წლების განმავლობაში. ვერც იმას ვიტყვი, რომ დანამდვილებით ვიცოდით, რომ ჯგუფიდან გავიდოდით, მაგრამ ეს იყო ჩვენი მიზანი. ჩემთვის ისრაელის ნაკრების აქ ყოფნა მოულოდნელობა არ არის, რადგან ასაკობრივ ნაკრებებში მათ ბევრი წარმატება აქვთ, მათ შორის, ცოტა ხნის წინ 19-წლამდე ნაკრებს, რომლის ბევრი ფეხბურთელი დღეს 21-წლამდე ნაკრებშია“, - განაცხადა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა მატჩი 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

0.119959