უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სარეკორდო სხვაობით გაიმარჯვეს და თანაც როგორ – ტიერ1-ის არგენტინა უქულოდ დატოვეს და 20:0 დაამარცხეს!
აქამდე აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ყველაზე დიდი სხვაობით შოტლანდია ყავდა დამარცხებული (2018 წელს 39:31); აქამდე უმცროს ბორჯღალოსნებს არასდროს მოეგოთ მშრალი ანგარიშით; აქამდე საქართველოს არასდროს ჰქონია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების და თასის ნახევარფინალში თამაშის შესაძლებლობა, ახლა კი ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან რეალურია.
დღემდე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილი იყო, რომელიც 2018 წელს შოტლანდიის ძლევით დაიკავა, ჯგუფურ ეტაპზე კი საუკეთესო შედეგი მესამე ადგილი იყო (ორჯერ – 2018 და 2019 წელს). ახლა ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილის დაკავების რეალური შანსი გაჩნდა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, საქართველომ გ ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულოს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია ჯგუფური ეტაპის ბოლო ბრძოლის მოგება იტალიასთან, რომელმაც მეორე ტურში სამხრეთ აფრიკა სენსაციურად, 34:26 დაამარცხა.
ახლა უფრო დასანანია ის შედეგი, რომელიც საქართველოსა და მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ჯახში დაფიქსირდა და რომელშიც ჩვენმა გუნდმა ვერცერთი საცხრილო ქულა ვერ მიიღო, არადა ამის რეალური შანსი იყო და უმცროსი ბორჯღალოსნები იმ თამაშით მინიმუმ 2 ქულას იმსახურებდა.
მაგრამ ახლა არც იმის დროა განვლილ თამაშებს გამოვეკიდოთ, ან ამ გამარჯვების ზეიმს ზედმეტად ბევრი ენერგია შევალიოთ, რადგან წინ მთავარი ბრძოლაა იტალიასთან – 4 ივლისს, ჩვენი დროით 13 საათზე და ამ თამაშმა ქართული რაგბი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე უნდა აიყვანოს!
მეტი სიცხადისთვის, ორი ტურის შემდეგ არგენტინას, იტალიას და სამხრეთ აფრიკას 5-5 ქულა აქვს, რადგან თითო ბონუსი ყველამ აიღო, საქართველო კი ჯერჯერობით 4 ქულით მე-4 პოზიციაზეა, თუმცა გატანილ-გაშვებული ქულებით ჯგუფის ყველა მეტოქეს ჯობნის…
საოცრად მოტივირებულნი
უმცროსი ბორჯღალოსნების ამ თაობაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ინგლისთან ისტორიული გამარჯვება მოსამზადებელ ეტაპზე და ძალიან მაგარი თამაში სამხრეთ აფრიკასთან. ორი ტურის თამაშებს თუ გადავხედავთ, პირადად ჩემი აზრით, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 3-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა, საქართველო მხოლოდ საფრანგეთს თუ ჩამორჩება და ლოგიკურად, აუცილებლად იმსახურებს თასის ფინალში თამაშს!
არგენტინა და საქართველო მეორე ტურის შეხვედრას განსხვავებულ პოზიციებზე შეხვდნენ. არგენტინელებმა კაცნაკლული იტალიელები ბონუსით, 43:15 დაამარცხეს და ისეთი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, რომელიც ჯგუფის ფავორიტად მოიაზრებოდა. ესაა გუნდი, რომელსაც 12-ჯერ უთამაშია 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, ერთ-ერთი წამყვანი სარაგბო ერია და სამხრეთ აფრიკასთან ერთად, გ ჯგუფის უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მორიგ ჯერზე დაამტკიცეს, რომ ის დიდი სარაგბო ქვეყნების ტოლ-სწორი გუნდია.
მიუხედავად იმისა, რომ ლადო კილასონიას შეგირდები მეორე წუთზევე მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ (პეტრე ხუციშვილი მაღალი ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა), მათ რიცხობრივ მეტობაში მყოფ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს და 8 წუთის შემდეგ სრულად მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა. რომ არა ტექნიკური წუნი, ანგარიში ბევრად ადრე გაიხსნებოდა, მაგრამ ჩვენს მორაგბეებს გასახსნელად და თამაშის დასალაგებლად გარკვეული დრო დასჭირდათ .
მერე კი დაიწყო ზღაპარი – სახელად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც დომინაცია ქულებში პირველად მე-18 წუთზე ასახა. ეს ლუკა ხორბალაძე იყო, რომელმაც წნეხში მყოფ არგენტინელებს გონზე მოსვლის შესაძლებლობა არ მისცა, გადაცემა ჩაუჭრა და პირველი ლელო გაუტანა! ტრადიციულად დაუნდობელმა რატი ზაზაძემ, თავდაუზოგავი თამაშით მეორე შანსი მალევე გააჩინა, მაგრამ მსაჯმა ლელოში დამიწება ვერ დააფიქსირა.
სამაგიეროდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა 35-ე წუთზე, როდესაც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სარიკსო გადაწყვეტილება მიიღეს, დასარტყამი ჯარიმა აუტში გადაიტანეს და დერეფნიდან აგორებული 8-მეტრიანი მოლი ბასა ხონელიძის ლელოთი დასრულდა. პეტრე ხუციშვილმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 14:0 დასრულდა.
უშანსოდ დატოვებული მეტოქე
არგენტინა მიხვდა, რომ დღეს მის წინ საოცრად მოტივირებული, მასზე ერთი თავით მაღლა მდგარი მეტოქე იდგა და ტაიმის მიწურულს, მას შემდეგ რაც შეტევაში მყოფმა 25-30 ნეტრით უკან დაიხია, ბურთი უბრალოდ მოიშორა. მსგავსი მომენტი მეორე ტაიმის დასაწყისშიც განმეორდა, როდესაც 0:17-ზე ჯარიმა კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა. მანამდე გუნდმა არ გარისკა და ამჯერად პეტრე ხუციშვილმა გასატანი პოზიციიდან 3 ქულა მიითვალა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ასეთ სიტუაციებში სჯობს ასაღები ქულები ტაბლოზე ასახო, რათა მერე გადაწყვეტილება სანანებელი არ გაგიხდეს.
55-ე წუთზე ხუციშვილმა კიდევ ერთხელ გაიტანა ჯარიმა და ბონუსისთვის საჭირო 2 ლელოსთვის საკმარისი დრო რჩებოდა. ბოლო 25 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა კი საქართველოს ლელოს გასატანად არაერთი კარგი შესაძლებლობა ჰქონდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტოქედ ტიერ1-ის სარაგბო ქვეყნის გუნდი, არგენტინა გვყავდა. კიდევ ერთი ლელო საქართველომ გაწითლებულ დროზე შეიტანა, თუმცა მსაჯმა ეპიზოდის გადამოწმება არ ისურვა, თამაში ისე დაასრულა და საბოლოო შედეგად 20:0 დააფიქსირა – ქართული რაგბის კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვვება, მშრალი ანგარიშით, უშანსოდ დატოვებულ არგენტინასთან.
ეს იყო შედეგი, რომლისაც გვჯეროდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდით ყველაფერი ასე თუ მოხდებოდა. და წინ არის თამაში იტალიასთან, სადაც კიდევ უფრო მეტად გვჯერა, სადაც უნდა დავიმსახუროთ გამარჯვება და ქართული რაგბი ბოლო ერთ წელიწადში ტრადიციად ქცეულ (ბორჯღალოსნების გამარჯვება იტალიასთან და უელსთან, უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვებები შოტლანდიასთან და ინგლისთან), მორიგ ისტორიულ შედეგს მიუახლოვდება. როგორი იქნება ეს ისტორია, ჩვენი და იტალიის 4 ივლისის შეხვედრისას გადაწყდება.
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 29 ივნისი. ხუთშაბათი. სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“ არგენტინა – საქართველო 0:20 (0:14) საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);
შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);
მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
2 ლელო: ხორბალაძე, ხონელიძე
2 გარდასახვა: ხუციშვილი
2 ჯარიმა: ხუციშვილი
- არგენტინა 2 1 0 1 43:35 5
- იტალია 2 1 0 1 49:69 5
- სამ. აფრიკა 2 1 0 1 59:57 5
- საქართველო 2 1 0 1 43:33 4
4 ივლისი
იტალია – საქართველო
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა
RUGBY.GE