ისტორია მუდამ მეორდება. ისევე როგორც 100 წლის წინ, იმ ქარიშხლიან დღეებში, 2023 წლის 28 ივნისსაც ჯერ კიდევ დილიდან ბათუმში ინგლისელები და გერმანელები ერთმანეთს უბღვრდნენ. ასე, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და უბღვერდნენ! ბევრი არ იყვნენ, მაგრამ საკმარისად იყვნენ იმისთვის, რომ კარგა გვარიანი ჩხუბი გამოსვლოდათ. ბევრს ეგონა იჩხუბებენო, მაგრამ ჩვენს დროში ფეხბურთის ფანებს შორის ჩხუბი იშვიათ რამედ იქცა და იმ ბიჭებმაც გაწევ-გამოწევას სტადიონთან ახლოსმდებარე ბათუმურ ლუდხანაში ერთად გამოთრობა არჩიეს.
ბედნიერებაა, როდესაც შენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება იმართება და ერთმანეთს ევროპის ორი უმთავრესი ქვეყნის - გერმანიის და ინგლისის გუნდები ხვდებიან. მერე რა, რომ გერმანიას წლევანდელ 21 წლამდე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩეპიონატზე ერთ-ერთი სუსტი გუნდი ჰყავდათ ჩამოყვანილი, ინგლისელები კი ქვას-ქვაზე არ ტოვებდნენ... მთავარი მაინც ამბავია, ისტორიაა, მოვლენაა. გერმანია და ინგლისი ერთმანეთს ბათუმში ხვდებოდა და გული როგორ მოგითმენდა ადამიანს, ამ შანსის გამოყენებაზე და თამაშზე დასწრებაზე უარი გეთქვა... მანამდე კი იყო ლუდხანა, ფანებს შორის ბღვერა და ბოლოს კათხების ჭახა-ჭუხი...
გერმანელები ხუთნი იყვნენ. ინგლისელები სამნი. სულ პატარა ბიჭები ასე 27 წლამდე ქართული ლუდის დალევაზე უარი არავის უთქვამს და გამოგიტყდებით, ძალიან გამიკვირდა, როდესაც თეთრი გაუფილტრავი „ვაისბირის“ სამშობლოდან ჩამოსულმა გერმანელებმაც და ბრიტანულ ელზე გაზრდილმა ინგლისელებმაც ნამეტანი მოიწონეს ქართული ლუდი. არ ვიცი, შეიძლება სტუმრული ზრდილობიანობა იყო ამ „მოწონების“ მიზეზი, თუმცა იმ ბიჭებს ნაძალადევობისა ნამდვილად არაფერი ეტყობოდათ და ეს იმითაც დადასტურდა, რომ ერთ კათხას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და მეოთხე კათხაზე პირველი სიმღერა რასაკვირველია ინგლისელებმა შემოსძახეს.
სიმღერის ხმაზე ლუდხანაში სლავური გარეგნობის ტურისტები მოზღვავდნენ, რომლებსაც ფეხბურთი ცხადია დიდად არ ადარდებდათ, მაგრამ სანახაობა რომელ ტურისტს არ უყვარს? გერმანელებმაც იმღერეს სრლიად უცნაური (როგორც შემდეგ გაირკვა იუმორისტული შინაარსის) სიმღერა. მერე კიდევ დალიეს, მერე კიდევ და ამასობაში თამაშის დაწყების დროც მოახლოვდა.
„66 წლის კაცი ვარ. ბავშობიდან მიყვარს ფეხბურთი და სანამ დაანგრევდნენ „დინამოს“ ძველ სტადიონს, ერთი თამაშიც კი არ გამომიტოვებია. მაშინ ვხვდებოდით სოჭის, ხარკოვის, რიაზანის და ლენინაკანის გუნდებს. აქ, ბათუმში ერთმანეთს ოდესმე ინგლისი და გერმანია თუ შეხვდებოდა, რას წარმოვიდგენდი?“ - მითხრა ლუდხანის მფლობელმა, უსაყვარლესმა კაცმა, რომელმაც სხვათაშორის, თავის ხარჯზე გერმანელებსაც და ინგლისელებსაც ბოლოს დამატებით კიდევ სათითაო კათხა ლუდი ჩამოურიგა.
თამაში იყო მაგარი. მე ვიტყოდი ძალიან მაგარიც! უბრალოდ, როდესაც არც ერთ გუნდს არ გულშემატკივრობ, რთულია ინგლისელების მიერ გერმანელების ასეთი დაჩაგვრა საუკეთესოდ შეაფასო. ბათუმის ახალ და შესანიშნავ სტადიონზე, როგორც შევატყვე, ინგლისელებს უფრო მეტი ქართველი ქომაგობდა, თუმცა გერმანიის მაისურიანი ბათუმელიც ბევრი ვნახე.
სტადიონზე რაკი ცარიელი ადგილები ბლომად დარჩა, ნაცნობი გერმანელი და ინგლისელი გულშემატკივრები ერთად დასხდნენ და იქაც სხვას რას იზამდნენ გარდა ლუდის სმისა და სიმღერისა... გერმანელებს ცოტა კი წაუხდათ ხასიათი, თუმცა არ იმჩნევდნენ გერმანიის 0:2 მარცხის და ჯგუფში ჩარჩენის გამო გულის ტკენას და მათი ნაკრების ღირსეულად ქომაგობას ცდილობდნენ.
ლუდხანიდან მოყოლებული და სტადიონით დასრულებული, გერმანიისა და ინგლისის ქომაგმა ბიჭებმა ზღვა ლუდი დალიეს. ჩემი დათვლით, თითომ დაახლოებით 12-15 კათხა ბათუმურ ლუდს გამოუჩინა ძირი. როდესაც მოვდიოდით, ის ბიჭები ისევ სვამდნენ და მღეროდნენ.
თამაშის მეორე დღეა. ბათუმში ახლადნაწვიმარია. მზეს ჯერ კიდევ ვერ მოუსწრია პლაჟზე ქვების აშრობა. ამ დროს დამსვენებელს ზღვაში რა უნდა? ბათუმელს ხომ მით უმეტეს... პლაჟზე ის ნაცნობი გერმანელი და ინგლისელი ქომაგები სხედან. მივუახლობდი. გაგიკვირდებათ და ლუდს სვამენ. ღმერთმა ბევრი შეაძლებინოთ, ძმაო!