გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ რამდენიმე დღეში შეუერთდება. როგორც Calciofrosinone წერს, ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა და ტრანსფერის შუამავალმა დარიო პაოლილომ შეთანხმებას მიაღწიეს.
აღნიშნული გამოცემა წერს, რომ გიორგი იტალიაში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩავა, შემდეგ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ბოლოს კონტრაქტსაც გააფორმებს.
კვერნაძე „ფროზინონეს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. „ფროზინონე“ მომდევნო სეზონს სერია A-ში გაატარებს, ისტორიაში მესამედ 2015-2016 და 2018-2019 წლების სეზონების შემდეგ.
გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, შარშან „თელავში“ თამაშობდა, ხოლო იანვრიდან „დინამო ბათუმშია“, სადაც მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა. ნაკლები სათამაშო პრაქტიკის გამო 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების განაცხადს მიღმაც აღმოჩნდა. მის მიმართ „ფროზინონე“ ინტერესს რამდენიმე თვეა იჩენს.