ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა. C ჯგუფის ბოლო ტურის წინ ვარაუდობდნენ, რომ ეს ჩეხეთი იქნებოდა, თუ არადა, გერმანია, მაგრამ საბოლოოდ, ჯგუფში მეორე ადგილზე ისრაელი გავიდა.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლა ისრაელის წინააღმდეგ მოუწევს. გაი ლუზონის გუნდმა ჩეხეთს ომრი განდელმანის 82-ე წუთზე გატანილი გოლით ქუთაისში მოუგო და ეს მეოთხედფინალის საგზურს ნიშნავდა. სხვათა შორის, ისრაელიც და საქართველოც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველად ითამაშებენ. ეს გუნდები გასული წლის 22 ნოემბერს, გორში ამხანაგურად შეხვდნენ და მაშინ ისრაელმა 2:1 მოიგო. ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც საქართველოს, ისე ისრაელის შემადგენლობა მაშინ ცოტათი სახეცვლილი იყო, ვიდრე ახლა არის. ცნობისთვის, ისრაელმა საქართველოსთან იმ სპარინგში მოგების შემდეგ პირველად დღეს გაიმარჯვა. ამ პერიოდში კი 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა (3 ფრე, 3 წაგება).
პარალელურად ბათუმში, ინგლისმა, რომელსაც პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, მოტივირებული გერმანია კემერონ არჩერისა და ჰარვი ელიოტის საწყის 20 წუთში გატანილი გოლებით ძალიან იოლად დაამარცხა. ამრიგად, ინგლისი 9 ქულით და გოლგაუშვებლად გავიდა ჯგუფიდან, ხოლო გერმანია, რომელიც წინა ჩემპიონატის გამარჯვებული იყო, უსახელოდ, უფერულად, კინკილა ქულით და ბოლო ადგილით დაემშვიდობა ტურნირს. აღსანიშნავია, რომ მატჩს ბათუმში ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი დაესწრო.
ისრაელი - ჩეხეთი 1:0 (0:0)
გოლები: 1:0 განდელმანი (82)
ინგლისი - გერმანია 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 არჩერი (4), 2:0 ელიოტი (21)
1. | ინგლისი U21 | 3 | 3 | 0 | 0 | 6 | 0 | 6 | 9 |
2. | ისრაელი U21 | 3 | 1 | 1 | 1 | 2 | 3 | -1 | 4 |
3. | ჩეხეთი U21 | 3 | 1 | 0 | 2 | 2 | 4 | -2 | 3 |
4. | გერმანია U21 | 3 | 0 | 1 | 2 | 2 | 5 | -3 | 1 |
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალური ორი წყვილი ცნობილია:
1 ივლისი, „დინამო არენა“ (თბილისი): საქართველო - ისრაელი
2 ივლისი, „რამაზ შენგელია“ (ქუთაისი): ინგლისი - პორტუგალია