უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 29 ივნისს არგენტინასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში, საქართველო მასპინძელ სამხრეთ აფრიკას 10 ქულით ჩამორჩა (23:33). იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა – ერთი ხაზში და სამი შერკინებაში.
ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა ნიკა ცირეკიძემ, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან ფრთაზე თამაშობდა და ლელოც გაიტანა. მის ნაცვლად ფრთაზე ლუკა ხორბალაძე დადგება, ვაჟა მიქაძემ კი მარქაფაში გადაინაცვლა. ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს დავით ხუროშვილმა და პეტრე ხუციშვილმა, ასევე ცენტრმა – გიორგი შველიძემ და თორნიკე კახოიძემ და ფრთა შალვა აფციაურმა.
ორი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში. ძირითადში დაწინაურდნენ კვაჭი ნიკა ბაბუნაშვილი და ბურჯი ირაკლი აფციაური. მეორე ბურჯად თამაშს კვლავ გიორგი მამაიაშვილი იწყებს. მეორე ხაზში გიორგი გერგედავა დაწინაურდა და ის გურამ ღანიაშვილს შეუწყვილდება. უცვლელია მესამე ხაზი – რატი ზაზაძე, ლაშა ციხისთავი და ნიკა ლომიძე.
სამი ახალი სახეა მარქაფაში. ბურჯად შეცვლაზე დავით მჭედლიშვილი შევა, მესამე ხაზს ნიკოლოზ საყვარელიძე გააძლიერებს, ხაზს კი ნიკოლას რაგოევი. წინა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და ამჯერად მარქაფაშია კვაჭი ბასა ხონელიძე. კვლავ სათადარიგოთა შორის არიან ბურჯი ლაშა ფხაკაძე, მეორეხაზელი თორნიკე ღანიაშვილი, და 9 ნომერი ალექსანდრე ჯიღაური. ხაზში შეცვლაზე შევა ვაჟა მიქაძე.
საქართველოსა და არგენტინის მატჩი სტელენბოშში, „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება. არგენტინამ პირველ ტურში იტალიას ბონუსით, 43:15 მოუგო და გ ჯგუფს 5 ქულით ლიდერობს, სამხრეთ აფრიკას 4 ქულა აქვს, საქართველო და იტალია კი ჯერ უქულოდ არიან.
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 29 ივნისი. ხუთშაბათი. 18:30 საათი (საქ. დრო) სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“ არგენტინა – საქართველო საქართველოხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);
შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);
მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
RUGBY.GE