ფეხბურთი

23:26 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოლიმპიადაზე გავიდეთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც მან თქვა, შედეგი ისტორიულია, ახლა კი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოცნება აიხდინონ და ოლიმპაიდის საგზური მოიპოვონ.

„ყველას გილოცავთ! მართლაც ისტორიული შედეგია, რადგან ურთულეს ჯგუფში ჩვენთვის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილით გავედით მეოთხედფინალში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, ჩემს საოცარ სტაფს და უნიკალურ გულშემატკივარს, რადგან სამივე მატჩში მათ უდიდესი როლი შეასრულეს ჩვენს წარმატებაში.

დღეს, განსაკუთრებით, პირველი ტაიმი იყო ურთულესი. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან ვერ გავიდა, ჩემი აზრით, ნიდერლანდები იყო ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდი. წინა ორმა თამაშმა უდიდესი ენერგია წაიღო, შესაბამისად, დაღლილობა გვეტყობოდა, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერს გაუძლეს. ეს არის თაობა, რომელსაც ბევრი რამის მიღწევა შეუძლია და გულშემატკივარს ვეტყვი, რომ მათი იმედი ჰქონდეს.

გრაფიკი ძალიან დატვირთული და მჭიდროა, რაც დღეს დაგვეტყო. თუმცა, ფეხბურთელებმა ყველაფერი გადალახეს და ამ შედეგამდე მოვედით. მომდევნო მატჩამდე 4 დღე გვაქვს და ვეცდებით, რომ ძალები მაქსიმალურად აღვიდგინოთ.

პორტუგალია იყო მეტოქე, რომელსაც ყველაზე მეტად ორი მიზეზით ვიცნობდით: მანამდე ამხანაგური მატჩი ვეთამაშეთ, მერე კი, ბოლო დროს ყოველთვის ერთნაირი შემადგენლობით თამაშობდნენ. ნიდერლანდები და ბელგია ჩვენსავით ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით გაძლიერდნენ და თამაშის სისტემა შეცვალეს, ამიტომ, უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის დროს გვიწევდა მათთან ადაპტირება.

რთული იყო ბელგიასთან მატჩი და განსაკუთრებით დღევანდელი პირველი ტაიმი, იყო მომენტები, როცა ნიდერლანდებს წინ გასვლა შეეძლო, რადგან ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა არ იყო ისეთი, რაც ასეთი დონის მატჩს სჭირდება. მაღალი ინტენსივობით თამაში გაგვიჭირდა, არა იმიტომ, რომ ბიჭებმა არ მოინდომეს, არამედ იმიტომ რომ ფიზიკურად დაღლილები იყვნენ.

ოლიმპიადა? უკან არასდროს ვიხედებით, ოთხ დღეში სულ სხვა რეალობაში ვიქნებით და შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ვიბრძოლებთ. ოლიმპიადაზე მოხვედრა ოცნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

არ ვიცი, უმაყურებლოდ ან სხვა ქვეყანაში ჯგუფიდან გავიდოდით თუ არა, რადგან ფანებს დიდი ძალა აქვს. თუმცა ამ გუნდთან დიდი ხანია ვმუშაობ, ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, როგორც ტაქტიკური, ისე სელექციის მხრივ, რაც ბევრ ასპექტს მოიცავდა და ახლა ამის შედეგებს ვიმკით. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდებოდა სამართლიანად და ყველაფერი სამართლიანობაზეა დაშენებული.

სქემის შეცვლა თამაშის მიმდინარეობისას ხშირად გვიწევს, რადგან ძალიან მაღალი დონის გუნდებს ვეთამაშებით და ეს ბუნებრივია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გადაწყობა გვეტყობა, ვფიქრობ, ამას თავს ვართმევთ. ძალიან დიდი განსხვავებაა საქართველოს ჩემპიონატის დონესა და იმ დონეს შორის სხვაობა, სადაც ჩვენი მეტოქის ფეხბურთელები თამაშობენ, ამიტომ ამ ყველაფერთან ადაპტირება უშუალოდ ამ ევროპის ჩემპიონატისთვის გვიწევს.

სიმართლე გითხრათ, მეტოქეზე ჯერ არ მიფიქრია, ხვალ დასვენების დღე გვაქვს და თამაშს ერთად ვუყურებთ. არ აქვს მნიშვნელობა ვის შევხვდებით. ამ ჯგუფის მერე კიდევ ერთ გრანდთან თამაში არ მგონია პრობლემა იყოს“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ ჩეხეთს, ისრაელს ან გერმანიას შეხვდება. სხვათა შორის, თავდაპირველად, ეს მეოთხედფინალი „მიხეილ მესხზე“ იყო დაგეგმილი, მაგრამ ინტერესიდან გამომდინარე, უეფამ საქართველოს მხარის თხოვნა გაითვალისწინა და მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.116252