ავტოსპორტი

22:30 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ოჟიემ საფარის რალი მოიგო

მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ოჟიემ საფარის რალი მოიგო, მისი გუნდის, „ტოიოტას“ ეკიპაჟებმა კი, სეზონის ყველაზე რთული რბოლის პირველი ოთხი ადგილი დაიკავეს.

ოჟიე არასრულ ჩემპიონატს ატარებს - მხოლოდ რამდენიმე ეტაპზე ასპარეზობს. მან უკან მოიტოვა ჩემპიონატის ლიდერი, ფინელი კალე როვანპერა, ვისაც 6.7 წამით აჯობა. მომდევნო ორი ადგილი კი უელსელმა ელფინ ევანსმა და იაპონელმა ტაკამოტო კაცუტამ დაიკავეს.

ამგვარად, ამ სეზონში ოჟიემ უკვე ხუთ რბოლაში მიიღო მონაწილეობა და მათგან მესამე მოიგო. საფარის რალის ბოლო დღის წინ, ის 16.7 წამს უგებდა მოქმედ ჩემპიონ როვანპერას, რომელმაც კვირის პირველივე სპეცმონაკვეთზე ჩამორჩენა გაანახევრა.

მომდევნო სპეცმონაკვეთზე, ოჟიე ხეს დაეჯახა, რითაც მის „ტოიოტა იარისს“ უკანა ფრთა დაუზიანა. ამის მიუხედავად, ფრანგმა საუკეთესო დრო დააფიქსირა. ბოლო სპეცმონაკვეთზე, ოჟიეს მანქანაზე უკვე საქარე შუშა დაუზიანდა, თუმცა ამის მიუხედავად, უპირატესობის შენარჩუნება მაინც მოახერხა.

„დაუჯერებელია... ბოლო მონკვეთზე საქარე შუშაში ქვა მომხვდა, ადრეც ბევრი პრობლემა გვქონდა. მაგრამ საერთო ჯამში, სიჩქარე კარგი მქონდა. ყველაფრის მიუხედავად, რბოლა დავამთავრე და მოვიგე. საოცარია“, - განაცხადა ოჟიემ.

როვანპერამ ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. 7 ეტაპის შემდეგ, ის „ჰიუნდაის“ ბელგიელ ტიერი ნოივილს, ვინც საფარიზე მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდა, 37 ქულას უგებს. მესამეზე ასევე კორეული გუნდის პილოტი, ესპანელი დანი სორდოა, ვინც კენიურ რბოლაში მეხუთე იყო. ის ლიდერს 42 ქულით ჩამორჩება.

მსოფლიო ჩემპიონატში სულ 13 ეტაპია. მათგან მერვე ესტონეთში, 20-23 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114335