ჯენარო გატუზო დიდი ალბათობით მუშაობას საუდის არაბეთში გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, იტალიელი მწვრთნელი „ალ-ჰილალს“ ჩაიბარებს.
45 წლის სპეციალისტს საუდელები წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობენ, რინომ კი მათ უკვე განუცხადა თანხმობა. შესაბამისად, წესით, გატუზომ აზიური კლუბი უახლოეს ხანებში ოფიციალურად უნდა ჩაიბაროს.
აღსანიშნავია, რომ „ალ-ჰილალი“ მანამდე მასიმილიანო ალეგრის მიწვევას ცდილობდა, მაგრამ მან „იუვენტუსში“ დარჩენა გადაწყვიტა. ამ კლუბმა ცოტა ხნის წინ კალიდუ კულიბალი და რუბენ ნევეში დაიმატა.
გატუზო ბოლოს „ვალენსიას“ ავარჯიშებდა, მანამდე კი „პალერმოს“, „ოფის“, „პიზას“, „მილანის“ და „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი იყო. რინოს მანამდე „სალერნიტანასაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ სალერნოულმა გუნდმა პაულო სოუზას შენარჩუნება შეძლო.