ფეხბურთი

12:35 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების მწვრთნელი: "ენერგიულად უნდა ვითამაშოთ, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავს"

ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერვინ ვან დე ლოიმ ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილია, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზაციის მხრივ უნდა მოუმატონ, რადგან წინა ორ ტურში ეს პრობლემა ჰქონდათ.

„შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ, რადგან ჯერ ფეხბურთელების კონდიციები უნდა ვნახოთ. რთული გრაფიკის გამო ყოველთვის შეიძლება იყოს გუნდში ფეხბურთელი, რომელსაც გარკვეული პრობლემა უჩნდება. თუმცა, ხვალინდელი შეხვედრისთვის სასტარტო შემადგენლობა მზად იქნება. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, ამიტომ სწორი ენერგიით უნდა ვითამაშოთ, თან საქართველოს დიდი მხარდაჭერა ექნება.

სავსე სტადიონზე რთულია მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის კომუნიკაცია, მაგრამ ამ ტურნირზე იმიტომ ვართ, რომ საუკეთესო გუნდებთან საუკეთესო ატმოსფეროში ვითამაშოთ. ჩვენთვის კი ამ ევროპის ჩემპიონატზე ეს იქნება პირველი თამაში მსგავს ატმოსფეროში, რაც სასიამოვნოა.

წინა ორ ტურში ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, ჩვენი სტილი ვაჩვენებთ, დომინანტები ვიყავით, მაგრამ მოედნის ბოლო 20-30 მეტრში მოქმედება გვიჭირდა და ეს აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სწორედ ამ ასპექტის აუცილებლად გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს შეგვიძლია, რადგან ამ მხრივ მანამდე პრობლემა არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ თამაშში შეტევის დასრულების მხრივ სისუსტეები აშკარად გვქონდა“, - თქვა ვან დე ლოიმ.

პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად ასევე იყო ნიდერლანდების ნაკრებისა და „ფეიენოორდის“ მცველი ქილინდში ჰარტმანი, რომელმაც განაცხადა, რომ მოგება შეუძლიათ:

„წინა შეხვედრებში მომენტების გამოყენების პრობლემა გვქონდა. ორივე თამაშში უკეთესი გუნდი ვიყავით, თუმცა მომენტების გამოყენება გვიჭირდა და ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ. თუ ამას მოვახერხებთ, ჩემი აზრით, კარგი შანსი გვექნება და კარგად ვითამაშებთ. საქართველოს ნაკრებს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს, კარგი ხარისხით უნდა ვითამაშოთ და ასეთ შემთხვევაში კარგი შანსი გვექნება.

ტურნირის წინ ალბათ, არ ველოდით, რომ საქართველო ორი ტურის შემდეგ ლიდერი იქნებოდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრის ფაქტორი, ყველანი ერთად ჰიმნს მღერიან, რაც ფეხბურთელებს ეხმარება. საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი შედეგი აქვს, თუმცა უნდა ვაჩვენოთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ, უნდა მოვიგოთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია“, - თქვა ჰარტმანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში პირველ ადგილზეა. სვანაძის გუნდი მოგებით პირველ ადგილ დაიკავებს, ფრით ჯგუფიდან გავა, მაგრამ მეორე მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული, რომელ ადგილს დაიკავებს. არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო წაგებითაც გავიდეს ჯგუფიდან (მეორე ადგილით), თუ ბელგია პორტუგალიასთან ვერ მოიგებს.

საქართველო ჯგუფში პირველ ადგილზე თუ გავა, მეოთხედფინალში 1 ივლისს, თბილისში C ჯგუფის მეორეადგილოსანთან ითამაშებს (ჩეხეთი, ისრაელი ან გერმანია), ხოლო თუ მეორე ადგილს დაიკავებს, 2 ივლისს, ქუთაისში ინგლისის ნაკრებთან თამაში მოუწევს.

0.108512