ფეხბურთი

12:16 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ფრეზე თამაში შეცდომა იქნება, დიდი გვაქვს შანსი და გვინდა, რომ გამოვიყენოთ"
"ნიკა გაგნიძე ვერ დაგვეხმარება, მაგრამ გუნდში რჩება, რადგან ამ ნაკრების გულია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, ბოლო, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი დარჩა გადასადგმელი, მაგრამ გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ.

„რთულ თამაშს ველოდებით. ერთი, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი დაგვრჩა იმ ოცნებამდე, რასაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი ჰქვია. ვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ.

ფსიქოლოგიურად ყველაფერი რიგზეა. ჩვენთვის ამ ჯგუფში ნებისმიერი თამაში ოცნების ტოლფასია, ამიტომ, ფსიქოლოგიურად პრობლემა არ იქნება. ევროპის ჩემპიონატამდეც ვამბობდი, რომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო თამაშიდან თამაშამდე მომზადება, მოედანზე სწორი მიდგომით და გამარჯვებულის მენტალიტეტით გასვლა. ძალიან რთულია ამ ჯგუფში წინასწარ დაგეგმო გამარჯვება, მაგრამ ლიდერები ვართ და ყველანი გაერთიანებული ვართ იმისთვის, რომ ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ.

ნიკა გაგნიძის ტრავმაზე ყველაზე კარგი ისაა, რომ სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და ოპერაცია არ სჭირდება, მაგრამ სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოედანზე ვერ დაგვეხმარება, ჩვენთან ერთად რჩება, რადგან ის არის, როგორც გუნდის, ისე ჩემთვის გული, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. ნიკა გაგნიძე არის პიროვნება, რომელმაც თურქეთში საკმაოდ სარფიან კონტრაქტზე თქვა უარი, რადგან არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და დაბრუნდა გორის „დილაში“ იმიტომ, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიეღო. ნიკა გაგნიძე არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ნებისმიერ დროს დაეყრდნო, როგორც მოედანზე, ისე ცხოვრებაში, ამიტომ, ჩვენთან რჩება, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ტრავმირებული ფეხბურთელის ჩანაცვლება მხოლოდ პირველ მატჩამდე შეგვეძლო, რეგულაციით ახლა ამის უფლება არ გვაქვს და გავაგრძელებთ ტურნირზე თამაშს იმ შემადგენლობით, რომელიც გვყავს. ყოველთვის ვმოქმედებთ სიტუაციიდან გამომდინარე, ვიცით, რა დონის მეტოქეები გვყავს. ვცდილობთ, რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ბელგიასთან რთული პირველი ტაიმის მიუხედავად გვქონდა B გეგმა, რამაც იმუშავა. ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები თითოეული წუთი ძალიან დიდი გამოცდილებაა, მთავარია, რომ აქ ყოფნით მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.

ბელგიასთან პირველ ტაიმში მენტალურზე მეტად თამაშის დისციპლინის პრობლემა იყო, ეს ეხება მთელ გუნდს არა კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელს. ასეთ გრაფიკში თამაში ძალიან დამღლელია, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, მაგრამ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, პლეი-ოფთან ერთად ნაბიჯში ვართ და ვალდებულები ვართ, ეს დაღლილობა გვერდზე გადავდოთ.

ჩვენი სამივე მეტოქე, როგორც ინდივიდუალურად, ისე ტაქტიკურად ძალიან ძლიერია და დიდი გამოცდილება აქვთ. ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გამოცდილება აქვთ. ვცდილობთ, დალაგებულად და ორგანიზებულად ვითამაშოთ, იგივეს ვაპირებთ ხვალაც. კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა, მით უფრო ახლა, როცა ასეთი შანსი გვაქვს და გვინდა, რომ გამოვიყენოთ.

გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს და ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. ვისაუბრე დაღლილობაზე, მაგრამ ქომაგების ფაქტორის გამო, როდესაც მოედანზე გავდივართ, ეს დაღლილობა იხსნება. მხოლოდ ერთი რამ გვაერთიანებს, რათა გულშემატკივარი გავახაროთ.

თამაშის წინ სატურნირო მდგომარეობას თუ შევხედავთ, უპირატესობა გვაქვს, მაგრამ როდესაც მოედანზე გავალთ, შანსი თანაბარი იქნება. ფრეზე თამაში ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუმცა, მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენს კართან სახიფათო მომენტები. ვეცდებით, ბურთი ვაკონტროლოთ და შეტევაზე გადავიდეთ, როცა ამის შანსი გვექნება. თანამედროვე ფეხბურთში რთულია პროგნოზის გაკეთება, ჩვენ არავის შეგვშინებია და არც ხვალ შეგვეშინდება, შეგვიძლია ტოლ-სწორად ნებისმიერ გუნდს ვეთამაშოთ“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში პირველ ადგილზეა. სვანაძის გუნდი მოგებით პირველ ადგილ დაიკავებს, ფრით ჯგუფიდან გავა, მაგრამ მეორე მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული, რომელ ადგილს დაიკავებს. არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო წაგებითაც გავიდეს ჯგუფიდან (მეორე ადგილით), თუ ბელგია პორტუგალიასთან ვერ მოიგებს.

საქართველო ჯგუფში პირველ ადგილზე თუ გავა, მეოთხედფინალში 1 ივლისს, თბილისში C ჯგუფის მეორეადგილოსანთან ითამაშებს (ჩეხეთი, ისრაელი ან გერმანია), ხოლო თუ მეორე ადგილს დაიკავებს, 2 ივლისს, ქუთაისში ინგლისის ნაკრებთან თამაში მოუწევს.

0.116951