ფეხბურთი

0:47 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი მეოთხედფინალში თითქმის გავიდა, იტალიამ შანსი შეინარჩუნა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეორე ტური D ჯგუფით დასრულდა, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ჯგუფიდან პრაქტიკულად გავიდა.

„მამლებმა“ კლუჟში ნორვეგიის ნაკრები მძიმედ, დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც 1:0 დაამარცხეს. შედეგად, საფრანგეთმა 6 ქულა დააგროვა და მეოთხედფინალში გავიდა, თუ ბოლო ტურში სასწაული არ მოხდა. ნორვეგია უქულოდ ბოლო ადგილზეა, მაგრამ თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს, რომ პლეი-ოფში გავიდეს.

იტალიის ნაკრებმა შვეიცარიას დრამატულ ბრძოლაში 3:2 აჯობა. „აძურინის“ პირველ ტურში მარცხის მერე უკან დასახევი გზა არ ჰქონდა, ქულების დაკარგვა ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავდა. ამიტომაც, იტალიამ მაგრად დაიწყო და მე-11 წუთზე უკვე 2:0-ს იგებდა, ხოლო პირველი ტაიმი 3:0 მოიგო. იტალიას მეტი გოლიც უნდა გაეტანა, შესაბამისად, ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც მეორე ნახევარში მოხდა. შვეიცარიამ საწყის 7 წუთში გაქვითა 2 გოლი და თამაში დაიძაბა, მაგრამ იტალიელებმა საბოლოოდ გამარჯვება მაინც მოიპოვეს.

საფრანგეთი 6 ქულით ლიდერია, იტალიას და შვეიცარიას 3-3 ქულა აქვთ, ნორვეგიას - 0. ბოლო ტურში 28 ივნისს, საფრანგეთი შვეიცარიას და იტალია ნორვეგიას შეხვდება.

ნორვეგია - საფრანგეთი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ოლისე (57)

შვეიცარია - იტალია 2:3 (0:3)

გოლები: 0:1 პიროლა (6), 0:2 ნიონტო (11), 0:3 პარიზი (45), 1:3 იმერი (47), 2:3 ამდუნი (52)

0.142198