ფეხბურთი

22:35 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი გავიდა, გერმანია - ჯგუფში რჩება: მეოთხედფინალში საქართველოს მეტოქე გამოიკვეთა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში ინგლისის ახალგაზრდულმა ნაკრებმა არამარტო მეოთხედფინალის საგზური, არამედ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.

ალბიონელებმა ქუთაისში ისრაელის ნაკრებს ძალიან ადვილად, ძალების მაქსიმალური დაზოგვით 2:0 აჯობეს. ენტონი გორდონმა მატჩის დასაწყისშივე გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმში ემილ სმით-როუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ინგლისმა 6 ქულა დააგროვა და უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავა, შესაბამისად, 2 ივლისს, ქუთაისში ითამაშებს. თუმცა, იქამდე ინგლისელები ჯგუფის ბოლო ტურში 28 ივნისს, ბათუმში, გერმანიას დაუპირისპირდებიან.

დღევანდელ მატჩს ქუთაისში ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი ესწრებოდა.

ჯგუფის მეორე შეხვედრა ბათუმში გაიმართა, სადაც ჩეხეთმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გერმანია სენსაციურად 2:1 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ალემანები დიდი ალბათობით, ჯგუფში ჩარჩებიან.

ჩეხებმა ანგარიში ვაცლავ სეიკის გოლით გახსნეს, შემდეგ ანჯელო შტილერმა გაათანაბრა, მაგრამ 87-ე წუთზე მარტინ ვიტეკმა გამარჯვება ჩეხეთს მოუტანა, რომელმაც 3 ქულა დააგროვა და ბოლო ტურში ისრაელთან (28 ივნისს, ქუთაისში) ქულაც ეყოფა, რომ ჯგუფიდან გავიდეს.

მოგეხსენებათ, ეს ჯგუფი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ნაკრების ჯგუფზეა მიბმული. ასე რომ, თუ საქართველო A ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, მეოთხედფინალში 2 ივლისს, ქუთაისში, ინგლისს შეხვდება, ხოლო პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში რამაზ სვანაძის გუნდს 1 ივლისს, თბილისში ჩეხეთთან, ისრაელთან ან გერმანიასთან თამაში მოუწევს. დღევანდელი სიტუაციით, ეს დიდი ალბათობით ჩეხეთი იქნება, ყველაზე ნაკლები შანსი კი გერმანიას აქვს, პრაქტიკულად უშანსოდაა.

ინგლისი - ისრაელი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გორდონი (16), 2:0 სმით-როუ (68)

მაყურებელი: 5 106

ჩეხეთი - გერმანია 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 სეიკი (33), 1:1 შტილერი (70), 2:1 ვიტიკი (87)

მაყურებელი: 5 023

1. ინგლისი 2 2 0 0 4 0 4 6
2. ჩეხეთი 2 1 0 1 2 3 -1 3
3. გერმანია 2 0 1 1 2 3 -1 1
4. ისრაელი 2 0 1 1 1 3 -2 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116698