ფეხბურთი

10:27 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ნაბიჯი მეოთხედფინალამდე: ყველა სცენარი, რაც საქართველოს ბოლო ტურში აწყობს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ტურის წინ A ჯგუფში ლიდერია. არადა, ტურნირის წინ ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რადგან ბელგიის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის გარემოცვაშია.

უფრო მეტიც, მიმდინარე ევროფორუმზე ეს ჯგუფი იყო მიჩნეული ე.წ „სიკვდილის ჯგუფად“, ამდენად, ორი ტურის შემდეგ წაუგებლად და სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა, უკვე ძალიან მაგარი შედეგია.

რამაზ სვანაძის გუნდი მეოთხედფინალთან და ისტორიის დაწერასთან ნაბიჯშია. საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან შეიძლება ბოლო ტურში წაგებითაც კი გავიდეს. ფრის შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში დაძლევს ჯგუფურ ეტაპს, ხოლო მოგების შემთხვევაში სულაც პირველ ადგილზე გავა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავა თუ:

მოიგებს ნიდერლანდებთან (თან ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს)

ფრედ ითამაშებს ნიდერლანდებთან (ამ შემთხვევაში პირველ ადგილს დაიკავებს, თუ პარალელურად პორტუგალია არ წააგებს ბელგიასთან, ან ბელგია ვერ მოიგებს 3 ბურთით).

საქართველო ჯგუფიდან შეიძლება გავიდეს წაგების შემთხვევაშიც, ოღონდ მხოლოდ მეორე ადგილით (წაგებით სვანაძის გუნდი მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს თუ პორტუგალია არ წააგებს ბელგიასთან).

ამრიგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან მხოლოდ ერთ ვარიანტში ვერ გავა: თუ წააგებს და ბელგია მოიგებს.

შეგახსენებთ, რომ ეს ჯგუფი მეოთხედფინალში C ჯგუფთან არის დაწყვილებული (ინგლისი, გერმანია, ისრაელი, ჩეხეთი). პირველადგილოსანი მეოთხედფინალს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ითამაშებს, მეორეადგილოსანი კი ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის მატჩები, საქართველო - ნიდერლანდები და პორტუგალია - ბელგია 27 ივნისს, ერთმანეთის პარალელურად 20:00 საათზე გაიმართება.

1. საქართველო 2 1 1 0 4 2 2 4
2. ბელგია 2 0 2 0 2 2 0 2
3. ნიდერლანდები 2 0 2 0 1 1 0 2
4. პორტუგალია 2 0 1 1 1 3 -2 1
0.121513