ფეხბურთი

22:56 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ეს შედეგი ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ბელგიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ თამაში ორ ნაწილად დაიწყო. პირველი ტაიმი იყო არადისციპლინური თამაშის მაგალითი, მეორე კი მენტალური სიძლიერის.

„შემიძლია თამაში ორ ნაწილად დავყო. პირველი ტაიმი ეს იყო მაგალითი იმისა, როცა ვერ ვთამაშობთ დისციპლინირებულად და ეს ეხება მთელ გუნდს. მეორე ტაიმში რაც მოხდა კი, ეს იყო ჩვენი მენტალობის მაგალითი. საბოლოო შედეგი, როგორც სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ისე ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არ არის მარტივი ასეთ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ დაუმარცხებლად და პირველ ადგილზე ყოფნა. ეს მატჩები ჩვენთვის უდიდესი გამოცდილება იყო, რადგან ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც არ არიან მიჩვეული ასეთი დონის გუნდებთან ასეთ რეჟიმში თამაშს. პირველ რიგში, ეს დიდი ფსიქოლოგიური წნეხია. მინდა მადლობა ვუთხრა გულშემატკივრებს, რომლებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა შევძლოთ.

რა შევცვალე შესვენებაზე? მარტო მწვრთნელი მოედანზე სიტუაციას ვერასდროს შეცვლის. როდესაც არსებობს ურთიერთგაგება მთელ გუნდს შორის და პერსონალს შორის, შესაძლებელია ნებისმიერ სიტუაციაში დაბრუნება, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში იყო. მთავარი ფაქტორი ჩვენი გულშემატკივარია. პირველი მატჩის მერე არ გვქონდა უფლება, რომ მოედანი თავაწეულებს არ დაგვეტოვებინა. ტაქტიკური ცვლილება იყო, შეცვლებიც გავაკეთე, მაგრამ მთავარი მაინც მენტალური საუბარი იყო გასახდელში.

ჯერჯერობით არ გვაქვს გაგნიძის ტრავმაზე ზუსტი ინფორმაცია. ცოტა ხანში გამოკვლევა ჩაუტარდება და ხვალ გვექნება ზუსტი პასუხი. რაც ერთი შეხედვით ჩანს, მარტივი ტრავმა არ უნდა იყოს.

ნიდერლანდებთან ქულაზე თამაში? ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოედანზე ფრისთვის გავსულიყავით და აქცენტი ამაზე გაგვეკეთებინა. მეორეს მხრივ არსებობს რეალობა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით და მეტოქის სახით, რომელიც ძალიან მაღალი დონისაა. ამიტომ, საჭირო იქნება სიფრთხილე, ეს არის რეალობა.

უეფამ ორივე მატჩში საუკეთესოდ მეტოქის ფეხბურთელები დაასახელა? ალბათ, უეფაშიც ფიქრობენ, რომ ჩვენ გუნდურად ვართ საუკეთესოები (იღიმის - რედ) და ამიტომ მოხდა ეს. VAR-ი? როგორც ვიცი, მეოთხედფინალებიდან ყველა თამაშზე იქნება. მსაჯებიც ადამიანები არიან და შეცდომებს უშვებენ, ზოგჯერ სასარგებლოდ, ზოგჯერ საწინააღმდეგოდ“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ბოლო ტურში ქართველი ფეხბურთელები 27 ივნისს, "დინამო არენაზე" ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებენ.

0.122949