იტალიური „ფროზინონე“ ახლოსაა გიორგი კვერნაძის ტრანსფერთან. იტალიური მედია წერს, რომ შეთანხმება პრაქტიკულად შედგა.
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ტრანსფერი წარმატებით დახურვასთან ახლოსაა. გიორგი „ფროზინონეს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება.
„ფროზინონემ“ გასულ სეზონში სერია B-ში პირველი ადგილი დაიკავა და ახალ სეზონს სერია A-ში გაატარებს. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ეუსებიო დრი ფრანჩესკოს სახით, რომელმაც ფაბიო გროსო შეცვალა. დი ფრანჩესკოს თავის დროზე „რომაში“ უმუშავია, რომელიც 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა. „ფროზინონესთვის“ ეს იქნება ისტორიაში მესამე სეზონი, რომელსაც სერია A-ში გაატარებს 2015-2016 და 2017-2018 წლების სეზონების შემდეგ.
გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, შარშან „თელავში“ თამაშობდა, ხოლო იანვრიდან „დინამო ბათუმშია“, სადაც მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა. ნაკლები სათამაშო პრაქტიკის გამო 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების განაცხადს მიღმაც აღმოჩნდა. მის მიმართ „ფროზინონე“ ინტერესს რამდენიმე თვეა იჩენს.