საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ბელგიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა სპეციალისტმა ვრცლად ისაუბრა გუნდში არსებულ სიტუაციაზე და მომავალ შეხვედრაზე.
როგორც მან თქვა, პორტუგალიასთან იყო ხარვეზები, რომელთა გამოსწორების იმედი აქვს და სჯერა, რომ მის გუნდს ჯერ საუკეთესო თამაში არ ჩაუტარებია.
„ბელგიასთან რთულ თამაშს ველოდებით, ბევრს არ ვისაუბრებ როგორი გუნდია ჩვენი მეტოქე. ზოგადად, ამ ტურნირზე ყოველთვის რთულ თამაშს ველოდებით. ჩვენი მიზანი უცვლელია, კონკრეტულად მეტოქეებიდან გამომდინარე ვემზადებით. პორტუგალიასთან ძალიან კარგი თამაში გვქონდა, მაგრამ იყო ხარვეზები, განსაკუთრებით შეტევაში და ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ. მინდა იმედი მქონდეს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ჯერ არ გვითამაშია.
ფეხბურთის ნაწილია ტრავმებიც, მაგრამ სასიხარულოა, რომ სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს, ყველა ფეხბურთელი მზადაა სათამაშოდ, ვინც ჩემს განკარგულებაშია. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ მოთამაშე, ვინც მოედანზე გავა, მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ის წარმატებული სტარტი გავაგრძელოთ, რომელიც გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულე გვაქვს, ბევრი ფეხბურთელი არ არის შეჩვეული ასეთ რეჟიმში, ყოველ 72 საათში თამაშს, მზად ვართ. ეს არის უდიდესი გამოცდილება, რომელსაც ყველა ერთად ვიძენთ. მთავარია, შევინარჩუნოთ ის ერთიანობა და სულისკვეთება, რომელიც პორტუგალიასთან გვქონდა და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით თამაში გავაგრძელოთ.
რასაკვირველია დადებითი ემოციებით ვართ დატვირთული, ძალიან კარგი იყო ერთობა, რომელიც ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა შექმნეს. ახლა ეს დადებითი კუთხით უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ მთავარი ხვალინდელი დღეა. ყველაფერი ნორმალურად მიდის, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ერთადერთი, რასაც ჯერ საკუთარი თავისგან და შემდეგ გუნდისგან ვითხოვ, არის ის, რომ მზად ვიყოთ მოედანზე თავდადებისა და ყველაფრისთვის, შევინარჩუნოთ ის სულისკვეთება, რაც გვაქვს. ლუკა კუტალაძემ პორტუგალიასთან ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენი პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია და ის ითამაშებს.
ბელგია ძალიან დაბალანსებული, ტაქტიკურად გამართული და ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. განვიხილეთ მათი თამაში, მაგრამ სიურპრიზები არასდროსაა გამორიცხული, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, მთელი თამაშის განმავლობაში კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ასეთ დონეზე შეცდომებს მეტოქეები არ გპატიობენ. გუნდისგან კონცენტრაციას და ერთიანობას ვითხოვ.
ბელგიის ნაკრებიდან კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ, მთელ გუნდს გამოვყოფ, ყველა მათგანი სახიფათოა, თუ ბურთს ადვილად მივაღებინებთ და სივრცეებს დავუთმობთ. ამიტომ, სივრცეები მაქსიმალურად არ უნდა დავუთმოთ.
ფეხბურთელების დამატება? ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ერთი გუნდი. დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, გუნდში არაფერი აირევა, ორი დღეა ერთად ვართ, გავიარეთ ის ტაქტიკური და თეორიული საკითხები, რაც მნიშვნელოვანია. ერთად მუშაობის გამოცდილება გვაქვს, ზურიკო ბოლო ერთი წელი ჩვენთან შეკრებაზე არ ყოფილა, მაგრამ სხვები ყველანი იყვნენ, იციან ის ფილოსოფია და მიდგომა, რაც გვაქვს. ძალიან გვეხმარება ის ერთიანი მიდგომა და კომუნიკაცია, რაც ეროვნულ ნაკრებთან გვაქვს, ყველა ასაკობრივ ნაკრებს. რა თქმა უნდა, მერჩივნა, რომ ყველა მათგანი ჩემს განკარგულებაში შეკრების პირველივე დღიდან ყოფილიყო, მაგრამ მთავარი ეროვნული ნაკრებია და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამ ტურნირზე ყველა გუნდი მსგავს სიტუაციაშია. ჩვენი ფეხბურთელები მზად არიან ნებისმიერ დროს მოედანზე გასასვლელად, რომ თავის ქვეყანას ემსახურონ. ეს არ არის კლუბი, ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანას ვემსახურებით.
ნებისმიერი დღე ჩემპიონატის დაწყებიდან ისტორიულია, რადგან პირველად ვთამაშობთ ამ ტურნირზე. საკუთარ ქვეყანაში ჩვენი მაყურებლის წინაშე თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. პირველი მატჩის მოგება ისტორიას ყოველთვის დარჩენა, მაგრამ გვინდა ეს ისტორია გაგრძელდეს და ქართული ფეხბურთის უფრო ლამაზი ფურცლები დავწეროთ.
ქართველები წარმატებას მაშინ ვაღწევდით, როდესაც ერთობა გვქონდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც თამაშზე მოვიდა, იმიტომ, რომ ძალიან დადებითი გარემო შექმნეს. დარწმუნებული ვარ, ხვალ სტადიონი გაივსება, რაც უდიდესი მოტივაცია და ფაქტორია, რადგან უფრო მეტი რწმენა გვაქვს. ფეხბურთში მთავარი გულშემატკივარია, ფეხბურთს მათთვის ვთამაშობთ. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ისტორია გაგრძელდეს, სულ სხვა სიმაღლეზე ავიდეთ. გვინდა ჯგუფიდან გასვლა, რაც უდიდესი შედეგი იქნება. მჯერა, რომ ერთად ბევრი რაღაცის მიღწევა შეგვიძლია, რთული იქნება, მაგრამ მზად ვართ“, - თქვა სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები A ჯგუფში 3 ქულით ლიდერია, ბელგიას კი 1 ქულა აქვს. მატჩი 24 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.