იტალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ნიკოლატომ საფრანგეთთან მარცხის (1:2) შემდეგ ცუდ მსაჯობაზე ღიად ისაუბრა. როგორც მან თქვა, არ შეიძლება ასეთ დონეზე მსგავსი მსაჯობა იყოს.
„მატჩზე საუბარი მიჭირს, რადგან შეუძლებელი ასეთი მსაჯობის ყურება. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მსაჯის გადაწყვეტილებებმა თამაშის შედეგზე ძალიან იმოქმედა. არ გაგვიმართლა, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ გუნდთან წავაგეთ. მომდევნო ორ ტურში ჯგუფში სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. კარგად ვითამაშეთ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც საფრანგეთია, თუმცა, უკეთ თამაშიც შეგვიძლია. ვერ გამოვიყენეთ ბევრი საგოლე მომენტი და მსაჯის შეცდომებმაც დიდი გავლენა იქონია, ცოტა მეტს ვიმსახურებდით“, - თქვა ნიკოლატომ.
ნიდერლანდელმა არბიტრმა ალარდ ლინდჰურტმა იტალიის სასარგებლოდ ჯერ პენალტი არ დანიშნა, შემდეგ საფრანგეთის ნაკრების გოლი ჩათვალა, რომელიც არ უნდა ჩაეთვალა და ბოლოს იტალიელთა გატანილი გოლი ვერ შეამჩნია, რადგან ფრანგმა მცველმა ბურთი კარიდან მაშინ გამოიტანა, როცა ბურთს ხაზი გადაკვეთილი ჰქონდა, თანაც ეს ხელით გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის 21-წლამდე ნაკრები მეორე ტურში 25 ივნისს, შვეიცარიას შეხვდება, რომელმაც პირველ ტურში ნორვეგია 2:1 დაამარცხა.