ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის ბოლო მატჩი D ჯგუფში გაიმართა და ეს იყო ტურის ცენტრალური შეხვედრაც.
კლუჟში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებმა იტალიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. უფრო ზუსტად, საფრანგეთმა მსაჯის ძალიან დიდი ხელშეწყობით იმარჯვა. „მამლები“ 23-ე წუთზე არნო კალიმუენდოს ულამაზესი გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც ქუსლით გაიტანა. 13 წუთში სანდრო ტონალის პასით პიეტრო პელეგრიმ გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი 62-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ გაიტანა, რომელმაც იტალიელთა მცველის დესტინი უდოჯის უხეში შეცდომით ისარგებლა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეპიზოდის დასაწყისში ფრანგები აშკარად ჯარიმდებოდნენ, მაგრამ მსაჯმა ჯარიმა არ დააფიქსირა. გარდა ამისა, პირველ და მეორე ტაიმში იტალიელები ორჯერ სამართლიანად ითხოვდნენ პენალტს, მსაჯის სასტვენი ისევ დუმდა.
იტალიის ნაკრებს გათანაბრების რეალური შანსი რამდენჯერმე მიეცა: მარტო ერთ მომენტში ფრანგების მეკარემ სამჯერ გადაარჩინა აშკარა გოლს თავისი გუნდი, მერე მატეო კანჩელიერიმ ცარიელ კარს ააცილა, ხოლო რაულ ბელანოვამ გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვერ დაინახა. ბელანოვას დარტყმის შემდეგ ბურთმა ნათლად გადაკვეთა კარის ხაზი, სანამ ფრანგი ფეხბურთელი მას კარიდან გამოიტანდა, თანაც ხელით... თუმცა, მსაჯმა არც გოლი ჩათვალა, რომელიც უნდა ჩაეთვალა და არც პენალტი დანიშნა!
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კი არც VAR-ია და არც გოლის ხაზის ტექნოლოგია. ისე გამოვიდა, რომ იტალიის ახალგაზრდული ნაკრები წარმოუდგენელი უსამართლობის მსხვერპლი გახდა. საბოლოოდ საფრანგეთმა 2:1 მოიგო.
მეორე ტურში 25 ივნისს, იტალიის ნაკრები 25 ივნისს შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო საფრანგეთი ნორვეგიას.
საფრანგეთი - იტალია 2:1 (1:1)
კლუჟი, „კლუჟ არენა“
მაყურებელი: 11 286
საფრანგეთი (4-3-3): შერვალიე; კალულუ, ბადე, ლუკება, ნკუნკუ; ტურამი (ჩერკი 64), კაკრე, კონე (სიმაკანი 85); ბარკოლა (ოლისე 64), კალიმუენდო (ვაჰი 79), გუირი (ადლი 79)
იტალია (3-5-2): კარნეზეკი; ოკოლი, პიროლა (კანჩელიერი 75), სკალვინი; ბელანოვა, რიჩი (კოლომბო 88), როველა (მირეტი 75), ტონალი, უდოჯი (პარიზი 88); პელეგრი, კამბიაგი (ნიონტო 46)
გოლები: 1:0 კალიმუენდო (23), 1:1 პელეგრი (36), 2:1 ბარკოლა (62)
გაძევება: ბადე (83)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 16 (6) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:7
მსაჯი: ალარდ ლინდჰურტი (ნიდერლანდები)