ფეხბურთი

22:08 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ადვილი მოგება ბათუმში და ისრაელის ნაკრების მეკარის სასწაული ქუთაისში

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გრძელდება. დღეს პირველი ტურის მატჩები C ჯგუფში გაიმართა, რომელსაც ბათუმი და ქუთაისი მასპინძლობენ.

ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ ინგლისის 21-წლამდე ნაკრებმა ჩეხეთს ადვილად აჯობა. ინგლისელებს მეტოქემ კონკურენცია მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია, მაგრამ მეორე ნახევარში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. 47-ე წუთზე ჯეიკობ რემსიმ გახსნა ანგარიში. „ასტონ ვილას“ ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა და ეფექტური გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ინგლისის დიდი უპირატესობა გოლად ემილ სმით-როუმ აქცია და „არსენალის“ შემტევმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

პარალელურად, ქუთაისში, მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა ისრაელს ვერ მოუგო. მე-20 წუთზე ანგარიში ლამაზი გოლით ისრაელის ნაკრების ფორვარდმა დორ ტურგემანმა გახსნა, რასაც 6 წუთში გერმანელთა მცველმა და კაპიტანმა იან ბისეკმა უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ ორი პენალტი ვერ გაიტანა. ჯერ კიდე 0:0-ზე, როცა მე-3 წუთი იყო, იუსუფა მუკოკომ ვერ ივარგა, ხოლო მე-80 წუთზე თერთმეტმეტრიანი იესიკ ნგანკამმაც ვერ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე პენალტი მოიგერია მეკარემ, დანიელ პერეტცმა. ისიც სათქმელია, რომ ისრაელის ნაკრები 45-ე წუთიდან ედენ კარტსევის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა, თუმცა, გაი ლუზონის გუნდმა ქულა მაინც მოიპოვა. მეორე ტურში 25 ივნისს, ინგლისი ისრაელს ქუთაისში შეხვდება, ხოლო პარალელურად ბათუმში, ჩეხეთი და გერმანია ითამაშებენ.

დღესვე, D ჯგუფში შვეიცარია ნორვეგიასთან აგებდა, მაგრამ ორი გოლი გაიტანა და 2:1 მოიგო. ეს მატჩი რუმინეთში გაიმართა. ამავე ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, რომელშიც იტალია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.

ჩეხეთი - ინგლისი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 რემსი (47), 0:2 სმით-როუ (90)

გერმანია - ისრაელი 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ტურგემანი (20), 1:1 ბისეკი (26)

ნორვეგია - შვეიცარია 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 სეიდე (19), 1:1 ნდოიე (36), 1:2 იმერი (56)

0.118595