ფეხბურთი

22:48 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის მწვრთნელი: "ბევრი შეცდომა დავუშვით, ეს ფავორიტებს არ ახასიათებთ"

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარ გააკეთა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.

„ახლა ვერ ვისაუბრებ მომდევნო შეხვედრებზე და რა მოხდება. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სამი ქულის მოპოვება გვინდოდა და სამწუხაროა, რომ ეს ვერ მოვახერხეთ, 3 ქულა დავკარგეთ. პირველი ტაიმი კარგი იყო, სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ შემდეგ დაცვაში არასწორად ვითამაშეთ და გოლი მაშინ გავუშვით, როცა ეს ნაკლებად მოსალოდნელი იყო, ხოლო მეორე გოლის შემდეგ თამაშმა წონასწორობა დაკარგა. შეიძლებოდა, რომ შეტევაში უფრო მეტი აგრესიით გვეთამაშა, თუმცა ვერ მოვახერხეთ.

რასაკვირველია, 0:2-ის შემდეგ გუნდის განწყობა მთლიანად შეიცვალა. დაცვაში სისუსტეები გვქონდა, რადგან უფრო მეტად კონცენტრირებული შეტევაზე ვიყავით, ვიდრე თავდაცვაზე. თუმცა, ჩვენი გუნდისთვის არც ის არის ნორმალური, რომ საგოლე მომენტები პრაქტიკულად ვერ შევქმენით, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში თამაშზე კონტროლი გვქონდა. მომეწონა, რომ გუნდმა საბრძოლო განწყობა მაინც შეინარჩუნა, მაგრამ არ მომეწონა, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით, ფავორიტები ასეთ შეცდომებს არ უშვებენ“, - თქვა რუი ჟორჟემ.

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა ენრიკე არაუჟომ საქართველოს ნაკრებთან მარცხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეცდომები დაუშვეს, რომლებიც მომავალში აღარ უნდა დაუშვან.

„შედეგი სამწუხაროა, მაგრამ დასკვნებით უნდა გამოვიტანოთ და ეს მარცხი გაკვეთილად გამოვიყენოთ. მეტოქე სახლში თამაშობდა და წაგების ერთ-ერთი ფაქტორი ეს იყო, მაგრამ ჩვენ დავუშვით შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაგვეშვა. ამ ყველაფერს გავაანალიზებთ და გამოვასწორებთ, რომ მომდევნო შეხვედრებში იგივე შეცდომები არ დავუშვათ. წინ ორი მატჩი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. არ ვფიქრობ, რომ კონცენტრაცია დავკარგეთ მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ კვარაცხელია და მიქაუტაძე არ ითამაშებდნენ, რადგან ჩვენ არასდროს ვართ იმაზე დამოკიდებული, როგორი შემადგენლობით თამაშობს მეტოქე. არამედ, კონცენტრირებული ვართ საკუთარ თავზე და ჩვენს თამაშზე“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 3 ქულით ლიდერია, ნიდერლანდებსა და ბელგიას კი თითო ქულა აქვთ. სვანაძის გუნდი მეორე ტურში 24 ივნისს, ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი ისევ "დინამო არენაზე" და 20:00 საათზე გაიმართება.

0.11993