საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პორტუგალიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„გილოცავთ ყველას. მნიშვნელოვანი იყო 3 ქულა, მაგრამ პირველ რიგში რწმენისა და იმ მუხტისთვის, რაც გულშემატკივრებისგან მივიღეთ და მადლობა ქომაგებს, მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც აქ ტიტულისთვისაა ჩამოსული და არც ახლა შეიცვლებოდა მათი გეგმები. მაგრამ, როგორც მატჩის წინ ვთქვი, ჩვენც გვაქვს ჩვენი გეგმები. შედეგი მოიტანა ორკვირიანმა შეკრებამ, თამაშისთვის მზად ვიყავით და მინდა მადლობა ვუთხრა ბიჭებს. ყველას გვაქვს სიხარულის მიზეზი, მაგრამ ხვალიდან შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და ძალები აღვიდგინოთ.
გუნდურობით, ერთიანობით და დავალებების კარგი შესრულებით გავიმარჯვეთ. ევროპის ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, რაც რთული იყო, რადგან დებიუტანტები ვართ და პორტუგალიაც ისტორიაში პირველად დავამარცხეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია და ვეცდებით, რომ ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალურად გავახაროთ. არ მივცემ ჩემს ფეხბურთელებს იმის უფლებას, რომ მხოლოდ ამ გამარჯვებით იცხოვრონ.
რა თქმა უნდა, რთული იყო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის თამაში, რადგან გუშინ რაც მოხდა, ყველამ ვიცით, იმგზავრეს და დაღლილები იყვნენ, მაგრამ ძირითადში სათამაშოდაც მზად იყვნენ. თუმცა რამდენიმე ფაქტორი გავითვალისწინეთ: პირველი ტრავმების რისკი, რადგან ამ დროს არსებობს დაზიანების მიღების საშიშროება და ჩვენ მხოლოდ ეს მატჩი არ გვაქვს, წინ კიდევ გველოდება მატჩები და ამაზეც ვიფიქრეთ. მეორე მხრივ, ორი კვირა შეკრებაზე მყავდა ფეხბურთელები, რომლებსაც ვენდობი და მათ ძალებში დარწმუნებული ვიყავი. მთელი გუნდი ერთი მიზნისთვის ვართ გაერთიანებული. მოტივაციაზე ბევრი საუბარი არ გვჭირდება, რადგან არ არსებობს იმაზე დიდი მოტივაცია, ვიდრე ითამაშო საკუთარი ქვეყანაში ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატი. ეროვნული ნაკრების წევრები გვმატებენ გამოცდილებას, ხარისხს და რწმენას, მათი გაერთიანებით კი იზრდება შანსი, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
ეროვნული ნაკრების წევრები მომდევნო მატჩში ძირითადში? არ მგონია დისონანსზე საუბარი კარგი იყოს, რადგან ეს გამორიცხულია. ვერც დილემას დავარქმევთ, მაგრამ ჩემთვის შემადგენლობის შერჩევა თავის ტკივილია, ოღონდ ეს თავის ტკივილი ყოველთვის მსურდა მქონოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. დანარჩენი ბელგიასთან გამოჩნდება.
ვერ დაგეთანხმებით, რომ მეორე ტაიმი უკეთესი გვქონდა, ვიდრე პირველი. თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე ვმოქმედებდით. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ უფრო ფრთხილად ეთამაშათ, რადგან ორბურთიანი უპირატესობა გვქონდა. ორივე ტაიმი თანაბრად კარგად ჩავატარეთ და ლოგიკური შედეგი მივიღეთ.
ყველა მცველი, ვინც მოედანზე იყო, კლუბებში ცენტრში თამაშობენ, მაგრამ კალანდაძეს აქვს მარცხნივ თამაშის გამოცდილება და ჩვენ სულ ამ პოზიციაზე ვიყენებთ. მეორე ტაიმში პორტუგალიამ ტაქტიკა შეცვალა და საწყისი წუთები გაგვიჭირდა, სწორედ ამიტომ ჩავრთე თამაშში აზაროვი. ბელგიის ნაკრების თამაშს გავაანალიზებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას შემადგენლობაზე.
ინგლისის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში მოვუგეთ, შეტევაში მაშინ უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ დღევანდელი მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო შეხვედრა 21-წლამდე ნაკრებში. ვინ იყო საუკეთესო? მთელი გუნდი. ერთი ორგანიზმი, ეს გამარჯვება ერთობლიობამ მოიტანა“, - თქვა სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 3 ქულით ლიდერია, ნიდერლანდებსა და ბელგიას კი თითო ქულა აქვთ. სვანაძის გუნდი მეორე ტურში 24 ივნისს, ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი ისევ "დინამო არენაზე" და 20:00 საათზე გაიმართება.