ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელის კაი ჰავერტცის „არსენალში“ ტრანსფერი გადაწყდა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს.
გერმანელი ფორვარდის სანაცვლოდ „არისტოკრატები“ 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონი დაემატება. კაი „არსენალთან“ გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს და სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნულია.
რომანოს ცნობით, ჰავერტცი „არსენალთან“ კონტრაქტს მიმდინარე კვირაში ხელს მოაწერს და შესაბამისად ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
24 წლის კაი ჰავერტცმა კარიერა „ლევერკუზენში“ დაიწყო, სადაც 2016-2020 წლებში თამაშობდა, ხოლო „ჩელსიში“ 2020 წლიდან დღემდე 139 შეხვედრაში 32 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვნის 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რითაც „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა.