საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ შოტლანდიის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, სათამაშოდ ძალიან რთული პირობები იყო და შეხვედრა არ უნდა დაწყებულიყო.
„დასანანია, რომ წავაგეთ. ძალიან რთული პირობები იყო სათამაშოდ. რთული დღე გვქონდა. ჩემი აზრით, თამაში არ უნდა დაგვეწყო, რადგან მინდვრის საფარი ხელს არ უწყობდა ფეხბურთელებს. გოლი გავუშვით და სწორედ მაგ მომენტში გადაწყვიტა მსაჯმა თამაშის შეჩერება. დიდხანს მოგვიწია ლოდინი, დავბრუნდით, თუმცა პირობები არ გაუმჯობესებულა. ყოველთვის მეტს ველით და გვინდოდა, რომ ქულა მაინც აგვეღო. რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და შეგვეძლო გოლის გატანა. მეტოქისგან განსხვავებით ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. სამწუხაროა, რომ ქულა მაინც ვერ ავიღეთ, თუმცა შემდეგი თამაშებისთვის პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და მაქსიმალური ქულები ავიღოთ", - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა, ასევე 4 ქულა აქვს ნორვეგიას, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. შოტლანდიის ნაკრები კი 4 ტურში 12 ქულით ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს და წესით, სქოთებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ გაუჭირდებათ.
ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო მატჩი 8 სექტემბერს, თბილისში ესპანეთის ნაკრებთან ელოდება, ხოლო 4 დღის მერე ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება. მოკლედ, ორი ურთულესი, მაგრამ გადამწყვეტი მატჩები წინაა...