ფეხბურთი

5:48 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "თამაში უეფას ზეწოლით განახლდა, ნივთებივით მოგვექცნენ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შოტლანდიასთან მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგმა სპეციალისტმა ძალიან ღიად ისაუბრა და თქვა, რომ თამაში უეფას ზეწოლის ფონზე განახლდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავიდანვე თამაში არ უნდა დაწყებულიყო, რადგან ამისთვის საჭირო პირობები არ იყო, მაგრამ მსაჯმა თავისი საქმე არ გააკეთა.

„ეს იყო სიტუაცია, რომელიც აშკარად არავის სურდა. მოედანზე დაბრუნება და შემდეგ გასახდელში სამჯერ შესვლა. თუმცა, არ მესმის, რატომ დავიწყეთ მატჩი, რადგან 5 წამის შემდეგ ყველა ხედავდა, რომ თამაში შეუძლებელი იყო. მესამე წუთზე მე და სტივ კლარკმა ვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ თამაში შეუძლებელი იყო. მეოთხე მსაჯმა თქვა: „ჩვენ თამაშს ვერ შევაჩერებთ, სანამ უეფას დელეგატი არ ჩამოვა“. ამის შემდეგ მათ გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება მსაჯს უნდა მიეღო... ბევრი სისულელე მოხდა და კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.

ის ფაქტი, რომ მსაჯმა მატჩი პირველი გოლის შემდეგ შეაჩერა, ნიშნავდა, რომ მან საკუთარ თავზე დიდი ზეწოლა მოახდინა. თამაში მაშინ რომ შეწყვეტილიყო, როდესაც მატჩის შეწყვეტას მე და სტივი ვითხოვდით, ყველაფერი ბევრად უფრო ადვილი და ნაკლებად სტრესული იქნებოდა ყველასთვის. ჩვენ თამაში განვაახლეთ, როგორც გვითხრეს, უეფას დიდი ზეწოლის ქვეშ.

ერთადერთი, რასაც ვნანობ, კომუნიკაციის ნაკლებობაა. არ იცი, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, არ იცი რატომ წყვეტენ რაღაცას, არ გაძლევენ ახსნა-განმარტებებს. მერე ეს უნდა აუხსნა შენს მოთამაშეებს, რომლებიც ხურდებიან, ცივდებიან, ხურდებიან, ცივდებიან... არც ჩვენთვის იყო ადვილი და არც შოტლანდიისთვის. ყველასთვის ძალიან რთული სიტუაცია იყო.

არ არის სიმართლე, რომ თამაში არ გვინდოდა. ერთადერთი, რაც ჩვენ ვითხოვეთ, იყო კომუნიკაცია, რადგან ჩვენს ფეხბურთელებთან უნდა გვესაუბრა. ბოლოს, როცა მოვიდნენ, უეფას დელეგატმა თქვა, რომ ექვს წუთში თამაში უნდა განახლებულიყო. როგორც შეგიძლიათ ეს უთხრათ მოთამაშეებს, რომლებიც 30 წუთის განმავლობაში გასახდელში იყვნენ, აღარ ჰქონდათ საკმარისი საკვები მიღებული, როგორ შეიძლება ეს აუხსნა პროფესიონალ ადამიანებს?

ამიტომ, ეს არის ჩემთვის პატივისცემის ნაკლებობა. ზოგიერთი ადამიანი ფეხბურთს მეტ პატივს რომ სცემდეს, ეს საქმეს უფრო გაადვილებდა. მე ვიცი, რომ გადაწყვეტილებების მიღება ადვილი არ არის, ყოველდღე მიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ეს ჩემი საქმეა, ისევე როგორც იმ ადამიანების, რომლებიც მატჩის ორგანიზატორები არიან. უფრო მშვიდი ატმოსფერო იქნებოდა, მსაჯს თავიდანვე თავისი საქმე რომ შეესრულებინა.

საბოლოოდ, ყველა შეეგუა სიტუაციას. ისეთი განცდა იყო, რომ ისინი ნივთებად გვთვლიდნენ, თითქოს ამბობდნენ: „მოკეტეთ და გააკეთეთ ის, რასაც მე გეტყვით“. თუმცა, მატჩის ბოლო ნაწილთან ამას საერთო არაფერი ჰქონდა, რადგან პირობები ორივე გუნდისთვის ერთნაირი იყო. შოტლანდია მოგებას იმსახურებდა. მათ ბრწყინვალედ ითამაშეს სამი მატჩი და ვფიქრობ, დღესაც იმსახურებდნენ გამარჯვებას, ამიტომ ვულოცავ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა, ასევე 4 ქულა აქვს ნორვეგიას, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. შოტლანდიის ნაკრები კი 4 ტურში 12 ქულით ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს და წესით, სქოთებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ გაუჭირდებათ.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო მატჩი 8 სექტემბერს, თბილისში ესპანეთის ნაკრებთან ელოდება, ხოლო 4 დღის მერე ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება. მოკლედ, ორი ურთულესი, მაგრამ გადამწყვეტი მატჩები წინაა...

0.132289