ფეხბურთი

2:25 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შეწყვეტილი თამაში და სერია: საქართველო შოტლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში მესამე მატჩი ჩაატარა, ჯგუფის ლიდერ შოტლანდიასთან მარცხი განიცადა.

ვილი სანიოლმა ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა და 3 მცველის ნაცვლად, 4-2-3-1 სქემით ითამაშა, რითაც მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვება სცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მარცხენა მცველად ალბათ არ იყო გამართლებული ლაშა დვალის გამწესება, რომელიც მარცხენა მცველი არ არის და ეს ფუნქცია კარგად ვერც შეასრულა. ზოგადად, გუნდის თამაშში ძალიან ბევრი წუნი იყო, ხვიჩა კვარაცხელიაც იშვიათად იტვირთებოდა.

შეხვედრა ძალიან ძლიერი წვიმის ფონზე დაიწყო. იმდენად მძიმე ვითარება იყო, რომ ბურთის გადაადგილება მინდორზე ძალიან ჭირდა. თამაშის შეწყვეტას სათადარიგო სკამიდან ითხოვდა ვილი სანიოლიც, რადგან ჩანდა, რომ სათამაშო კონდიციები არ იყო. მატჩი მართლაც შეწყდა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შოტლანდია დაწინაურდა. მე-6 წუთზე კალუმ მაკგრეგორმა კუთხურის შედეგად გაიტანა. გოლიც მერე თამაში არ განახლებულა შეწყდა...

შეხვედრა დაახლოებით 90 წუთის შემდეგ განახლდა, ბევრი განსჯისა და შემოწმების შემდეგ. საქართველოს ნაკრები მოედანზე ძალიან ინერტული დაბრუნდა და რომ არა გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში ანგარიშის სხვაობა გაიზრდებოდა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა, მეორე ტაიმის სტარტი კი ისევ კატასტროფული გამოდგა, რადგან 47-ე წუთზე მაკტომინეიმ თავის გამოჩენა მოახერხა - 2:0. ფაქტობრივად თამაშის ბედიც აქ გადაწყდა, რადგან საქართველოს არაფერი გამოსდიოდა და გლაზგოში ორბურთიანი ჩამორჩენის შანსიც თითქმის არ არსებობდა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი სახიფათო მომენტი მხოლოდ და მხოლოდ 73-ე წუთზე შექმნა, როდესაც კაკაბაძის ფლანგური პასის მერე მეკარემ ცუდად ითამაშა და გიორგი მიქაუტაძე პრაქტიკულად ცარიელ კართან დარჩა, მაგრამ ვარდნაში მცირედით არაზუსტად დაარტყა. მერე იყო ბუდუ ზივზივაძის შანსი, როდესაც მეკარემ წამით დაასწრო, თორემ ცარიელ კარში შეაგორებდა ბურთს. იყო კიდევ მიქაუტაძის და კიტეიშვილი ორი შორეული დარტყმა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე პრესტიჟის გოლისთვის იდეალური შანსი მივიღეთ, მაგრამ კვარაცხელიამ პენალტი კარს ააცილა. ფაქტია, რომ კვარამ ძალიან მაგარი სეზონი ისე ვერ დაასრულა, როგორც დაიწყო. ხვიჩას 19 მარტის შემდეგ უგოლო სერია აქვს - 15 მატჩი გოლის და საგოლე პასის გარეშე.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კარში ზუსტი დარტყმის და კუთხურის გარეშე დაასრულა... მოკლედ, „ჰემპდენ პარკზე“ რთული საღამო იყო. მატჩიც რთულად დაიწყო და დასასრულიც ასეთი იყო. ისიც ფაქტია, რომ მატჩი მაშინ არ უნდა დაწყებულიყო, როცა დაიწყო და პირველი გოლიც შეგვიძლია ამას მივაწეროთ. უფრო მეტიც, შექმნილმა ვითარებამ გუნდზე ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა, მაგრამ მეორე მხრივ, წინ მთელი თამაში იყო სიტუაციის გამოსასწორებლად და მეორე ტაიმის მეორე ნაწილში საკმაო შანსიც, რომ სანიოლის გუნდი, როგორც მინიმუმ თამაშში დარჩენილიყო, მაგრამ არ გამოვიდა.

ამრიგად, დასრულდა საქართველოს ნაკრების 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ოფიციალურ მატჩებში და ასევე სტუმრად, 2021 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა (მანამდე იყო 6 მოგება, 1 ფრე).

საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა, ასევე 4 ქულა აქვს ნორვეგიას, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. შოტლანდიის ნაკრები კი 4 ტურში 12 ქულით ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს და წესით, სქოთებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ გაუჭირდებათ.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო მატჩი 8 სექტემბერს, თბილისში ესპანეთის ნაკრებთან ელოდება, ხოლო 4 დღის მერე ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება. მოკლედ, ორი ურთულესი, მაგრამ გადამწყვეტი მატჩები წინაა...

შოტლანდია - საქართველო 2:0 (1:0)

გლაზგო, „ჰემპდენ პარკი“

შოტლანდია (3-5-2): განი; პორტეუსი, ჰენდრი, ტირნი (სუტარი 79); ჰიკი, მაკტომინეი, გილმორი (მაკლინი 86), მაკგრეგორი (ჯეკი 79), რობერტსონი; მაკგინი, დაიკსი (ნისბერტი 79)

მწვრთნელი: სტივ კლარკი

საქართველო (4-2-3-1): მამარდაშვილი; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი (გოჩოლეიშვილი 56); გაგნიძე, კვეკვესკირი (ზივზივაძე 56); ლობჟანიძე (დავითაშვილი 64), კიტეიშვილი, კვარაცხელია; მიქაუტაძე

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: მაკგრეგორი (6), 2:0 მაკტომინეი (47)

გაფრთხილება: ჰიკი (45), რობერტსონი (67) - გოჩოლეიშვილი (69), გაგნიძე (75)

გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (90, ააცილა)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 9 (0) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 8:0 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: იშტვან ვადი (უნგრეთი)

1. შოტლანდია 4 4 0 0 9 1 8 12
2. საქართველო 3 1 1 1 3 4 -1 4
3. ნორვეგია 4 1 1 2 5 7 -2 4
4. ესპანეთი 2 1 0 1 3 2 1 3
5. კვიპროსი 3 0 0 3 2 8 -6 0
0.12089