ფეხბურთი

19:35 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩვენი მიზნები გვაქვს, მოლოდინი გამძაფრებულია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პორტუგალიის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ძალიან ძლიერი და გამოცდილია, მაგრამ საქართველოს ნაკრებს თავისი მიზნები და გეგმები აქვს.

„თითქმის ორკვირიანი და ნაყოფიერი შეკრება გვქონდა, თავისი ამხანაგური თამაშით. ის მიზნები, რაც შეკრებაზე გვქონდა, შესრულებულია, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. პორტუგალია ხარისხიანი, ტექნიკური გუნდია და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს, რაც პირველ რიგში იმას უკავშირდება, რომ მასპინძლები ვართ. ცხადია, ძალიან რთული იქნება, რადგან დებიუტანტები ვართ, მაგრამ დიდი შანსი გვაქვს, რომ ჩვენი თავი და ფეხბურთი წარმოვაჩინოთ.

პროგნოზისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ ნებისმიერი დადებითი შედეგი მისაღები იქნება. მნიშვნელოვანია თამაშის სცენარი. დიდი ხანია ამ ტურნირს ველოდებით, საკვალიფიკაციო ეტაპი არ გვითამაშია, ბოლო ორი წელი ამხანაგურ მატჩებს ვატარებდით და მოლოდინი არსად გამქრალა, პირიქით, გამძრაფრებულია და კიდევ უფრო გამძაფრდება. ყველაზე დიდი მოტივაცია ისაა, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა თავისი სახე და თამაში აჩვენოს.

გეგმა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მატჩები დაემთხვა. ყველა ცვლილებას ახლავს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი ისაა, რომ მეტი ფეხბურთელის გამოცდის და საქმეში ნახვის შესაძლებლობა მოგვეცა, ხოლო უარყოფითი ისაა, რომ ახლდა სირთულეები, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. გუნდში კარგი სიტუაციაა. რამდენიმე ფეხბურთელი პირველი მატჩი შემდეგ შემოგვიერთდება. უნდა აღინიშნოს, რომ აზაროვი, გოჩოლეიშვილი, გაგნიძე, მამარდაშვილი ჩვენთან ადრეც იყვნენ, ასევე ზურიკოც 19-წლამდე ნაკრებში, ასე რომ ადაპტაციის პრობლემა არ მგონია იყოს და დარწმუნებული ვარ, არც იქნება. როდესაც ისინი დაგვემატებიან, გაზრდიან სათამაშო ხარისხს, რწმენას და გამოცდილებას, რაც ძალიან გვჭირდება, რადგან ჩვენი სამივე მეტოქე ძალიან გამოცდილია.

პორტუგალიას, როგორც ეროვნული, ისე ყველა ასაკობრივი ნაკრები ძალიან მაღალი დონის ჰყავს. ტექნიკური და დაბალანსებული გუნდია, თავისი ხარისხით და იდენტობით ერთ-ერთი რთული მეტოქეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენსაც ვეცდებით და მთავარი მიზანია, რომ საკუთარი თავი, ფილოსოფია და იდენტობა წარმოვაჩინოთ.

რა თქმა უნდა, ოფიციალურ გამოცხადებამდე ვიცოდი, რომ კვარაცხელია და მიქაუტაძე ვერ დაგვეხმარებოდნენ, გვქონდა კომუნიკაცია. ამ თემაზე დავაფიქსირე ჩემი აზრი და ის არ შემიცვლია. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდი ვართ. ცხადია, მათთან ერთად უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებოდით, მაგრამ ვრჩებით გუნდად და ერთ ოჯახად“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს 21 ივნისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება. გარდა ამისა, რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში 24 ივნისს ბელგიას და 27 ივნისს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. ტურნირი საქართველოსა და რუმინეთში 8 ივლისამდე გაგრძელდება, ფინალი კი ბათუმში ჩატარდება.

0.128146