ფეხბურთი

18:19 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუი ჟორჟე: "საქართველო ფიზიკურად უფრო ძლიერია, ჩვენ კი ტექნიკურად"

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა მისი გუნდისთვის უკეთესია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები ისედაც ძლიერი გუნდია და რთულ თამაშს ელოდება.

„კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია და მისი არყოფნა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დადებითი ფაქტორია. ზოგადად, მე ვისურვებდი, რომ გუნდში უფრო მეტი მოთამაშე მყოლოდა ეროვნული ნაკრებიდან, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტრავმებმა გუნდზე გავლენა მოახდინა, მაგრამ მაინც კარგი შემადგენლობა მყავს. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ არავინ გვაკლდეს, მაგრამ მე ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს, კმაყოფილი ვარ და კარგი შედეგის მოლოდინი მაქვს. ამ თემაზე მეტი საუბარი არ მინდა, რადგან შეიძლება თამაშზე გავლენა მოახდინოს.

ფაბიო ვიეირა ჩვენს გუნდს ძალიან დააკლდა და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთან ერთად არ არის. მადლობა მას, რომ დაგვეხმარა აქამდე მოსვლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვა ფეხბურთელებთან ერთად. თუმცა, ამაზე ლაპარაკის გაგრძელება გუნდს ხელს შეუშლის. ფეხბურთელები კარგად მუშაობენ და მათი იმედი მაქვს, ვიცით, რა შეუძლიათ ჩემს ფეხბურთელებს.

საქართველოში თავს კომფორტულად ვგრნძობთ, ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული. თვითონ საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ, ვიცით შემადგენლობა და ვიცით, რომ ეროვნული ნაკრებიდან ფეხბურთელები დაიმატეს, რაც ჩვენთვის დადებითი არ არის. ფიზიკურად ძლიერი გუნდია კარგი ფეხბურთელებით, რომელსაც აგრესიულად შეტევა შეუძლია. ჩემი აზრით, ფიზიკურად მეტოქე უკეთესია, მაგრამ ჩვენ უფრო ტექნიკურები ვართ. მოგება გვინდა, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება“, - თქვა რუი ჟორჟემ.

პრესკონფერენციაზე ასევე იყო პორტუგალიელთა კაპიტანი ტიაგო დანტასი, რომელმაც ხვალინდელ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა:

„მზად ვართ და მნიშვნელოვანია, რომ ტურნირი გამარჯვებით დავიწყოთ. ადვილი თამაში არ იქნება, რადგან საქართველოს სახლში თამაშით დიდი უპირატესობა აქვს, რაც დიდი ძალას მისცემს. მაგრამ მზად ვართ და ჩვენი ხარისხის იმედი გვაქვს. საქართველოს ამხანაგურ მატჩში 4:1 მოვუგეთ, მაგრამ ადვილი თამაში არ იყო, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მეამაყება, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ, ეს არ არის წნეხი, არამედ პასუხისმგებლობაა. ჩემპიონობა გვინდა, თუმცა ახლა მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ, სხვა მატჩებზე კი ეტაპობრივად ვიფიქრებთ.

მგონია, რომ ფავორიტად ჩვენი დასახელება ზედმეტია, მაგრამ კანდიდატები ვართ. იმედი გვაქვს, რომ შეჯიბრს სწორად დავიწყებთ. საქართველო მასპინძელია, ეს ფაქტორი მათზე დადებითად იმოქმედებს, მაგრამ ვეცდებით ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვაჩვენოთ ჩვენი ხარისხი, რომ მეტოქის მასპინძლის ფაქტორი გადავფაროთ.

ფაბიო ვიეირა ძალიან დაგვაკლდა, თუმცა სხვა კარგი ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებიც გამარჯვებაში დაგვეხმარებიან. როდესაც რამდენიმე თვის წინ საქართველოსთან ვითამაშეთ, განსხვავებული შემადგენლობა ჰყავდა. ხვიჩა კვარაცხელია რა თქმა უნდა, დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მისი არყოფნით ჩვენთვის რაიმე განსხვავებას ვერ ვგრძნობ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს 21 ივნისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება. გარდა ამისა, რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში 24 ივნისს ბელგიას და 27 ივნისს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. ტურნირი საქართველოსა და რუმინეთში 8 ივლისამდე გაგრძელდება, ფინალი კი ბათუმში ჩატარდება.

0.115673