ფეხბურთი

0:03 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" პრეზიდენტი გარსიაზე, ოსიმენის მომავალზე, ფეხბურთში ცვლილებების აუცილებლობაზე

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა რუდი გარსია მთავარ მწვრთნელად წარადგინა. მან განმარტა მიზეზი, რატომაც გადაწყვიტა ლუჩანო სპალეტის ფრანგი სპეციალისტით შეცვალა.

ასევე განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ ისეთი შეთავაზება თუ იქნება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი გახდება, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

„არ მქონია ძალიან ხანგრძლივი კასტინგი. სამი კვირის განმავლობაში თავი სკუდეტოს ზეიმის ორგანიზებას მივუძღვენი. მინდოდა, ისეთი რამ მოგვეწყო, რასაც RAI-ზე 2 მილიონი ადამიანი მაინც უყურებდა. 5 ივნისს დავიწყე ახალ მწვრთნელზე ფიქრი და 11 დღეში ახალი მწვრთნელი დავნიშნე. დავიწყე მწვრთნელების რუკაზე ყურება და ნახვა ვინ თამაშობდა წარმატებით 4-3-3 სქემით. ჩემს სიაში ვინც იყო, ბევრს ჰქონდა 4-2-3-1, 3-4-3 ან 4-4-2 ტაქტიკური სქემა. ჩემთვის კი აუცილებელი იყო მოთამაშეთა ამ წყობის შენარჩუნება, მე გუნდი არ უნდა შემეცვალა, ამიტომ შევარჩიე მწვრთნელი, რომელიც 4-3-3 სქემას იყენებს. რუდი გარსიამ „რომაში“ ორჯერ მეორე ადგილი დაიკავა და პირველ სეზონში ზედიზედ 10 მოგება ჰქონდა და მაშინაც ვფიქრობდი, რომ ჩვენთვის შესაფერისი მწვრთნელი იყო.

შემდეგ ის „ლიონში“ ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვან წარმატებას შეეხო, რომელიც ნახევარფინალში გაიყვანა, იქნებ, ჩვენ ფინალშიც გავიდეთ და მერე მას ვითამაშებთ... თქვენ იცით, რამდენად მაინტერესებს ჩემპიონთა ლიგა. არ ვფიქრობ, როგორც ანდრეა ანიელი, რომელსაც ვუთხარი, რომ სუპერლიგის პროექტი შეცდომა იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაც შეცდომაა, ევროპა ლიგაც და კონფერენს ლიგაც. თუმცა, ჩემით არ შემიძლია საფეხბურთო სისტემის შეცვლა. ცხადია, ჩემპიონთა ლიგით მეძლევა საშუალება, რომ „ნაპოლის“ ბრენდის მნიშვნელობა მსოფლიოში გავზარდო. ჩვენ ყოველთვის ვთამაშობდით ნოვატორის როლს. ვცდილობთ ფეხბურთის შეცვლას, მაგრამ არც ისე ადვილია, ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანის ტვინი შეიცვალოს.

ოსიმენის დარჩენის პირობა გარსიას მივეცი? გარსიასთვის არ მითქვამს, რომ ოსიმენი რჩება, ეს დიდი ხანია საჯაროდ ვთქვი: ოსიმენი უნდა დარჩეს, მაგრამ თუ მოვა რაიმე სერიოზული შეთავაზება, რომელზეც უარის თქვა შეუძლებელი იქნება „ნაპოლისთვის“ სასიკეთოდ, ვნახოთ. ოსიმენის ყიდვის დროს არ ვცდებოდი, როცა მასზე აზრი დავაფიქსირე. ოსიმენთან საჩემპიონო ზეიმამდე სიტყვიერად შევთანხმდი ახალ 2-წლიან კონტრაქტზე.

გარსია 11 დღეში შევარჩიე, ახლა მას უნდა მივცეთ მშვიდად მუშაობის საშუალება, შფოთვის და აჩქარების გარეშე, საზღვრების დაწესების გარეშე, მერე იქნება ის, რაც იქნება. ყველაზე მეტად გარსიაში მოვიხიბლე მისი სპონტანურობით და უშუალობით. თითქოს, ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში ვიცნობდით. მასთან სრულად გულწრფელი ურთიერთობაა.

ფეხბურთში ამდენი წლის მუშაობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სეზონის წინ კარგი მომზადება ფუნდამენტურია. ამიტომ, გვინდა, რომ ორივე შეკრება იტალიაში გავიაროთ, კარგად ვივარჯიშოთ. 28 ივლისიდან 12 აგვისტომდე კასტელ დი სანგროში დავრჩებით და რამდენიმე გუნდი გვესტუმრება. ამით თავს ავარიდებთ ერთი ამხანაგური მატჩისთვის 3 დღის დაკარგვას. ჩვენ უარი ვთქვით გამპერის თასზე „ბარსელონასთან“ თამაშზე და „მანჩესტერთან“ ამხანაგურ შეხვედრაზე.

გუშინ საღამოს ვუყურე ხორვატიისა და ესპანეთის მატჩს უნდა ვთქვა, რომ გაოცებული ვარ ლუკა მოდრიჩის მაისურზე მიჯაჭვულობით. 38 წლის კაცმა მთელი თამაში, ორივე დამატებითი ტაიმი ითამაშა და ბრწყინვალე პენალტიც გაიტანა“, - თქვა დე ლაურენტისმა.

0.117369