„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია წარადგინეს. ფრანგმა მწვრთნელმა ძალიან ვრცლად და დეტალურად ისაუბრა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან პირველი პრესკონფერენცია გამართა ნეაპოლურ გუნდში.
როგორც გარსიამ აღნიშნა, მისმა ფეხბურთელებმა მაისურის პატივისცემა უნდა გამოავლინონ, ბოლომდე დაიხარჯონ და გაოფლიანდნენ გუნდისთვის. 59 წლის ფრანგმა ხაზი გაუსვა ერთიანობას და გუნდურ მუშაობს. თქვა, რომ თითოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია.
„პირველი საჩუქარი აქ, ნეაპოლში ყოფნაა. ყველაზე ლამაზი, რაც ჩემგან და პრეზიდენტისგან მოდის, არის ამბიცია. პირველ რიგში მინდა, „ნაპოლის“ გულშემატკივრებს მივესალმო დახვედრისთვის. ასევე მინდა მივულოცო პრეზიდენტს გუნდს, რომელიც მალე ჩემი გახდება, რაც გასულ სეზონში გააკეთეს. როცა ქალაქში ჩავედი და ამდენი დროშა და ბანერი დავინახე, მივხვდი, რომ ქომაგები გუნდით ძალიან ამაყობენ და მიზანია, რომ ეს მომავალშიც მოხდეს.
დე ლაურენტისმა საკმაოდ მაღალი ზღვარი დააწესა, ოცნება ტიტულების მოგებაა. გილოცავთ, რადგან 33 წლის შემდეგ მოიგეთ სკუდეტო, მაგრამ „ნაპოლიმ“ ყოველწლიურად უნდა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიაში იყოს ძალიან მნიშვნელოვანი გუნდი, როგორც გასულ სეზონში.
ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, არაფრის მეშინია, ფეხბურთელებს ამ ჩემპიონობამ თავდაჯერება უნდა შესძინოს, მაგრამ როცა ახალი სეზონი დაიწყება, ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ. ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ ძალისხმევის, ბრძოლის და კოლექტიური მიზნების გარეშე მიიღწევა დიდი მიზნები. ერთი მხრივ ფეხბურთელებმა უნდა დაივიწყონ ის, რაც გააკეთეს, მეორე მხრივ, თავდაჯერებულები იყვნენ. ბევრი შრომა იქნება საჭირო. ეს არის გუნდი, რომელშიც არა მხოლოდ ინდივიდები, არამედ მთელი გუნდი ერთად იცავს თავს. შემადგენლობა ღრმაა, შედეგად არის მატჩები, რომლის ბედს ზოგჯერ სათადარიგო სკამი წყვეტს. დამამშვიდა იმან, რომ პრეზიდენტიც ამბიციურია. თუ ის ამბიციური იქნება, ეს ნიშნავს, რომ ხარისხიან გუნდს მომცემს, ხარისხიანი გუნდით კი ტიფოზებს სიამოვნებას მივანიჭებთ. ჩემი გუნდები უტევენ, გააქვთ გოლები, ფლობენ ბურთს, ყველაფერს აკეთებენ მატჩის სამართავად. მომეცით დრო, რომ ფეხბურთელებთან ვიმუშაოთ და შემდეგ ვნახოთ.
ჩემი სამსახურის სილამაზე იმაშია, რომ ტოვებ ადამიანებს და მეგობრებს იქ, სადაც იყავი, მაგრამ შემდეგ ახალ მეგობრებს იძენ. მაქსიმუმს გავიღებ. ვინც უნდა მოსულიყო „ნაპოლის“ მწვრთნელად, ყველამ იცის, რომ რთულ სამუშაოს მოჰკიდებდა ხელს, რადგან რთული იქნება იმაზე უკეთესი შედეგის ჩვენება, რაც გუნდმა უკვე აჩვენა, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ მაქსიმუმი გაიღონ. აქ არ მოვსულვარ ყველაფრის რევოლუციისთვის, ვნახოთ, თუ აღმოვაჩენ, რომ ყველაფერი წააგავს გასულ სეზონს, არაფერს შევეხები, მაგრამ რაღაცას შევცვლი. 4-3-3 ტაქტიკას ყველაზე მეტად ვიყენებ, მაგრამ სხვა სქემებიც გამომიყენებია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მწვრთნელი უნდა მოერგოს გუნდს და სწორი ტაქტიკა იპოვოს ფეხბურთელებისთვის. როგორც ჩანს, 4-3-3 შესანიშნავია ამ „ნაპოლისთვის“, მაგრამ დღეს არსებობს ვიდეო ანალიზი, მუშაობს სტაფი, რომელიც კარგად იცნობს თითოეულ ინდივიდს, ასე რომ სქემის შეცვლა მატჩის დროსაც შესაძლებელია. მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი ტაქტიკური კულტურა ჰქონდეთ. ჩემი ძირითადი სქემა 4-3-3 არის, მაგრამ ჭკვიანი მოთამაშეები მჭირდება, არ მინდა, რომ მხოლოდ A გეგმა მქონდეს.
ძლიერი გუნდი ვიქნებით, რომელიც იბრძოლებს. გუნდი, რომელსაც ზრდა შეუძლია. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც ასაკთან ერთად გაუმჯობესება შეუძლია. მე ამას ვაკეთებდი წარსულში და გავაკეთებ აქაც, ვიმუშავებ ჩემს შტაბთან ერთად. დარწმუნდებით, რომ გუნდი კონკურენტუნარიანი იქნება.
ანგისას „მარსელში“ დებიუტი ჩემს დროს ჰქონდა. პატარა ბიჭს ვეძახდი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მთასავითაა (იცინის - რედ). მოხარული ვარ, რომ ისევ შევხვდები. მან ხარისხში დიდი ნახტომი გააკეთა მას მერე, რაც „მარსელიდან“ ინგლისში წავიდა, მერე ესპანეთში და ახლა იტალიაშია. გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ როგორც მოედანზე, ისე გასახდელში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. სხვა ფრანკს შევხვდები, მაგრამ მიხარია. მან იცის, რომ მასთან კიდევ უფრო მომთხოვნი ვიქნები და ჯერ კიდევ შეუძლია გაუმჯობესება. სასიამოვნოა მასთან ისევ შეხვედრა.
წელს ყველა ევროთასის ფინალში იტალიური გუნდი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიური ფეხბურთი მწვერვალზე დაბრუნდა, რაც დიდებული ამბავია. იმედი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში ევროპაში „ნაპოლის“ ავიყვანთ მწვერვალზე. პრეზიდენტისთვის არაფერი მითხოვია, უბრალოდ დავთანხმდი სპორტულ პროექტს, რადგან პრეზიდენტს სურს ტიტულების მოგება და კონკურენტუნარიანი გუნდის ყოლა. დანარჩენი არ იყო მნიშვნელოვანი და კითხვების დასმა საჭირო არ გახლდათ. დიდი ხანია ფეხბურთში ვარ, ვიცი, რომ გარკვეული გაყიდვები შეიძლება მოხდეს მნიშვნელოვანი შეთავაზების არსებობს შემთხვევაში, მაგრამ არცერთი მოთამაშე არ არის შეუცვლელი. მჯერა „ნაპოლის“ პრეზიდენტის და ტექნიკური სტაფის, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე ძალიან კარგად მუშაობს. გასულ სეზონში გუნდში ბევრი მოთამაშე იყო, რომელსაც ბევრი არ იცნობდა, მხოლოდ ტექნიკურმა სტაფმა იცოდა მათზე და ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს.
ბალძარეტიმ შემაქო? ჩემს შესახებ ჩემს ფეხბურთელებზე უკეთ ვერავინ ილაპარაკებს. ფედერიკო შესანიშნავი ბიჭია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თამაში და სტრატეგია, არამედ გუნდური სულისკვეთება. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ პრობლემები არ იქნება. მხოლოდ დიდი რწმენით გაერთიანებულ გუნდს შეუძლია სკუდეტოს მოგება.
„რომაში“ მე ლუჩანო სპალეტიმ შემცვალა და ახლა ის მე შევცვალე დიდებული სეზონის შემდეგ, ალბათ, ესეც ბედის დამსახურებაა. ჟერვინიოს მსგავსი ფეხბურთელები შემადგენლობაში უკვე არიან. მომეცით დრო, რომ გავიცნო ფეხბურთელებს უკან მდგომი პიროვნებები, რადგან ტელევიზორში უყურებ ფეხბურთელებს, მაგრამ სხვაა, როცა მათ ავარჯიშებ და პირადად იცნობ. უნდა ვიცოდე, რა გასაღებია საჭირო, რომ მოტივირება მოვახდინო ყველა მათგანის, თითოეული მოთამაშე განსხვავებულია. ნათელია, რომ გუნდში ნიჭი არსებობს. უკვე ვმუშაობთ შემადგენლობაზე, ვნახოთ ვინ დარჩება და ვინ - წავა. ვმუშაობ, როგორ გაუმჯობესდეს გუნდი, რადგან გუნდის გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება, ახლა მთავარია მუშაობა.
ჩემი თამაშის გული ყოველთვის ნახევარდაცვა იყო. ასევე ეს იყო იმ გუნდის სიძლიერე, რომელმაც სკუდეტო მოიგო. გუნდში ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ეს მაძლევს 5 ცვლილების საშუალებასაც თამაშის დროს. ლობოტკა ფანტასტიკური მოთამაშეა. იმედი მაქვს, რომ ამ გუნდში ვიპოვი ფეხბურთელებს, რომლებიც ბურთს კარგად ფლობენ, მაგრამ ასევე თავს ერთად იცავენ უბურთოდ. რაც ვნახე გასულ სეზონში, „ნაპოლის“ მატჩებში ასე იყო. ყველა დარბოდა. ბევრი გუნდია, სადაც სუპერვარსკვლავები მხოლოდ ბურთთან მუშაობენ, მაგრამ თავდაცვით ფაზაში პრობლემები აქვთ. „ნაპოლის“ მშვენიერება კი ისაა, რომ ყველა დარბის, ბურთითაც და მის გარეშეც.
მე მაქვს ჩემი ღირებულებები და ამ გუნდმა ისინი მოედანზე უნდა გამოავლინოს: თავმდაბლობა, ამბიცია და ოფლიანობა. ნიჭი განსხვავებას ქმნის, მაგრამ მოედანზე 11 ფეხბურთელია და შემადგენლობაში - 25. თითოეული მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელიც კი, რომელიც უნდა გაიზარდოს. მაისურზე მიჯაჭვულობა დღევანდელ ფეხბურთში ნაკლებადაა, მაგრამ აუცილებელია, რომ პატივი სცე მაისურს, რომელიც გაცვია და გერბს, რომელიც გულზე გახატია. ამისთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
„ნაპოლის“ გულშემატკივრები ახლა ამაყები არიან და ეს მნიშვნელოვანია. უნდა შევინარჩუნოთ ეს გრძნობა. როდესაც პრეზიდენტმა გუნდი შეიძინა, „ნაპოლი“ სერია C-ში იყო. ამიტომ, სკუდეტო ეკუთვნის პრეზიდენტს, ფეხბურთელებს, მაგრამ ასევე ტიფოზებს. როდესაც „რომაში“ ვმუშაობდი, აქ თამაში ყოველთვის რთული იყო, რადგან საოცარი ქომაგობაა. მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ხალხი უბიძგებს გუნდს, რაც შედეგზეც მოქმედებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრები ჩვენს უკან გვყავდეს და ისინი გავახაროთ.
სამწვრთნელო შტაბში მაღალი დონის სპეციალისტები არიან. ერთ-ერთთან „რომაში“ ვმუშაობდი. იმედი მაქვს გავაერთიანებთ გუნდის უნარებს და ჩემი სამი ასისტენტის უნარებს. პერსონალი ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, კარგ საქმეებს გავაკეთებთ, მაგრამ სამუშაო კარგ შედეგზე უნდა იყოს მიმართული“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ რუდი გარსია 2013-2016 წლებში „რომაში“ მუშაობდა, ბოლოს კი „ალ-ნასრის“ მწვრთნელი იყო, საიდანაც აპრილში დაითხოვეს. მას ასევე უმუშავია „სენტ ეტიენში“, „დიჟონში“, „ლე მანში“, „ლილში“, „მარსელსა“ და „ლიონში“. რუდი გარსიამ „ნაპოლისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.