რაგბი

14:47 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა თასის ნახევარფინალშია!

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფის პირველ, ზაგრების ეტაპზე წაუგებლად ასპარეზობს და პირველად 2014 წლის შემდეგ, თასის ნახევარფინალში ითამაშებს.

ჩვენი გუნდის არსებობის ისტორიაში ალაფის მე-4 ადგილი საუკეთესო შედეგია. ჯაბა მალაღურაძის შეგირდები წელს ამ მიღწევის გაუმჯობესებას და ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას გეგმავენ, რისთვისაც ორი ეტაპის ჯამში პირველი, ან მეორე ადგილი უნდა დაიკავონ.

ზაგრების ეტაპის პირველ სათამაშო დღეს გოგონებმა ორივე თამაში მოიგეს. პირველი მეტოქე ბულგარეთი იყო და საწყის 4 წუთში მანონი საღარაძემ სამი ლელო გაიტანა. მეტოქემ ერთი გარდასახული ლელოს გაქვითა შეძლო, რაზეც მარიამ გოგუაძემ შესვენებამდე მეოთხე ლელოთი უპასუხა და თეონა ჩიტაიშვილმა გარდასახა. მეორე ტაიმში საქართველომ კიდევ სამი უპასუხო ლელო გიტანა. თავი ნათია გავაშელიშვილმა, ანა დათიაშვილმა და ლიკა ხუფენიამ გამოიჩინეს – 43:7.

მეორე თამაში ავსტრიასთან გვქონდა და მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. შეხვედრის მიწურულს მარიამ გოგუაძემ შეძლო ფრთაზე გაქცევა და ლელოთი წონასწორობის აღდგენა, სალომე საღარაძემ კი არცთუ იოლი პოზიციიდან გამარჯვების მომტანი გარდასახვა შეასრულა – 7:5.

საქართველომ უნგრეთთან ერთად პირველივე დღეს გაინაღდა თასის მეოთხედფინალში თამაში და უნგრეთთან მხოლოდ ის ირკვეოდა, ვინ დაიკავებდა პირველ და ვინ მეორე ადგილს. ანგარიში კარგი კომბინაციის შემდეგ ირმა გულიაშვილმა გახსნა, რომელიც მცველს ერთი-ერთზე გაექცა და გარდასახვაც ზუსტი იყო. უნგრეთმა საპასუხო ლელო მალევე გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს საქართველოს რამდენჯერმე შეეძლო უპირატესობის გაზრდა, მაგრამ მსაჯმა ერთ ეპიზოდში დამიწება ვერ დააფიქსირა, ორჯერ კი ლელო არასწორი გადაწყვეტილებების გამო ვერ გავიტანეთ.

მეორე ტაიმში უნგრეთმა ჩვენი შეცდომით ისარგებლა და დაწინაურდა. პასუხად ლიკა ხუფენიამ გაჭრა ხაზი და ლელოში მარიამ გოგუაძე შეუშვა, მერე კი მას ასისტენტობა მანონი საღარაძემ გაუწია. მატჩის მიწურულს მეტოქემაც შეძლო მესამე ლელოს გატანა და მატჩი ფრედ, 17:17 დასრულდა.

საქართველო 1/4-ფინალში მეორე ადგილით გავიდა და მეტოქედ ლატვია ერგო. უქულოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, მანონი საღარაძემ ჩვენს ნახევარზე დანიშნული შერკინებიდან შეუტია და 60-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, რასაც გარდასახვაც მიაყოლა. საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე მან დუბლი შეასრულა, ბოლოს მეტოქემაც შეძლო ერთ ლელოს გატანა და საქართველომ 12:5 გაიმარჯვა, რითიც ისტორიული შედეგი გაიმეორა და თასის ნახევარფინალში გავიდა.

თასის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე უკრაინა იქნება, რომელმაც ოთხივე შეხვედრა მოიგო. თამაში ჩვენი დროით 13:58 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალში ფინეთი თურქეთს ეთამაშება.

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე (ზაგრები):

თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), ლიკა ბჟალავა (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი შკინინი

RUGBY.GE

0.1218