ფეხბურთი

3:39 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ბევრი რამ კარგად ვერ გავაკეთეთ, ფეხბურთელებთან ამაზე საუბარი მექნება"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კვიპროსთან მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შედეგით ბედნიერია, მაგრამ თამაშის ხარისხით არა, რადგან მისმა გუნდმა ბევრი რამ კარგად ვერ გააკეთა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფეხბურთელებს დაელაპარაკება და აუხსნის, რა იყო კარგი და რა - არა.

"ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ბევრი ფეხბურთელი ჯერ კიდევ სწავლობს, თუ რას ნიშნავს მაღალი დონის მატჩები. დღევანდელი შეხვედრა კარგი გაკვეთილი იყო. რა თქმა უნდა, გამარჯვებით ბედნიერები ვართ, მაგრამ ბევრი რამ კარგად არ გაგვიკეთებია. ფეხბურთელებთან ამის შესახებ საუბარი მექნება. ვეცდები ავუხსნა, რა იყო დადებითი, რა იყო უარყოფითი. ეს საკვალიფიკაციო ეტაპია და ბოლოს მთავარი ქულებია, თუმცა გუნდში გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები და უნდა ვისწავლოთ, რომ მაღალი დონის მატჩებში მნიშვნელოვანია როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე თამაში.

ცვლილებებზე ფიქრი მე-60 წუთიდან დავიწყეთ, იყო არადამაკმაყოფილებელი მომენტები და შესაძლებელი იყო, ბევრი რამ გამხდარიყო შესაცვლელი. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მოცდა ვამჯობინეთ. რა თქმა უნდა, შეგვეძლო ცვლილებები უფრო ადრე გაგვეკეთებინა, მაგრამ ვიგრძენი, რომ მოედანზე მყოფი ფეხბურთელებისთვის კიდევ უფრო მეტი დრო მიგვეცა, რათა სწორი არჩევანი გაგვეკეთებინა.

შოტლანდიამ სამივე მატჩი მოიგო და ჯგუფს ლიდერობს. თუმცა, მომავალ მატჩამდე ჩემს ფეხბურთელებთან კვიპროსთან თამაშის შესახებ უნდა ვისაუბრო. შოტლანდიამ შესანიშნავი ხასიათი აჩვენა განვლილ მატჩებში. ბევრ გუნდს არ შეუძლია ნორვეგიაში გამარჯვება. ასე რომ, ვულოცავ მათ, თუმცა ახლა საქართველო ჩავა შოტლანდიაში", - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორ თამაშში 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 ივნისს, ლიდერ შოტლანდიასთან გლაზგოში ჩაატარებს, რომელმაც 3 ტურში 9 ქულა მოიპოვა.

0.123223